ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატის თანახმად, სექტემბერში 12.8%-იანი ინფლაცია იყო

3 ნოემბერი, 2021 • 3695
საქსტატის თანახმად, სექტემბერში 12.8%-იანი ინფლაცია იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბრის თვის წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა აგვისტოს თვეშიც, რაც ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელი იყო.

დიაგრამა ასახავს წლიურ ინფლაციას 2010 წლიდან დღემდე.

ბოლოს ინფლაციის უფრო მაღალი დონე ქვეყანას 2011 წლის მაისში ჰქონდა.

წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი შეადგინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 18.4 პროცენტით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

2021 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით/წყარო: საქსტატი

საანგარიშო პერიოდში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

    • ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი),
    • ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი),
    • პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი),
    • რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი),
    • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი),
    • თევზეული (16.0 პროცენტი),
    • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.0 პროცენტი),
    • ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი),
    • ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი),
    • ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, კომუნალური ხარჯები და სახლის მოვლა გაძვირდა 11.9 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა – 8.4 პროცენტით.

საქართველოში პურის ფასების ზრდის შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია:

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც ოქტომბრის მონაცემებით, 9.8 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 10.0 პროცენტი აქვს დადგენილი, რომელიც 4 აგვისტოს 0.5 ერთეულით, ივლისის თვის ინფლაციის გათვალისწინებით, გაიზარდა და შემდეგ უცვლელი დარჩა. შემდეგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა 8 დეკემბერს უნდა განისაზღვროს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შარშან, 5 აგვისტოს, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ  ან უცვლელია, ან იზრდება.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.

ინფლაცია და საპენსიო დანაზოგი 

თუ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის ტენდენცია გაგრძელდება, მნიშვნელოვნად გაუფასურდება საპენსიო ფონდში დაგროვებული მოქალაქეთა ფული. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა სიბერის უზრუნველსაყოფად გადადებულ თანხას წლების შემდეგ დაბალი მსყიდველუნარიანობა ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთთან საპენსიო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის 27 ოქტომბერს მიწოდებული ინფორმაციით, საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური შემოსავლიანობა 11.4 პროცენტია იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლიური ინფლაცია 12.8 პროცენტითაა განსაზღვრული.

ბოლო თვეების განმავლობაში, წლიური ინფლაციის დონე ყოველთვიურად იზრდებოდა. ივნისში ინფლაცია 9.9 პროცენტი იყო, ივლისში – 11.9 პროცენტი, აგვისტოში -12.8 პროცენტი, ხოლო სექტემბერში ინფლაცია 12.3 პროცენტით განისაზღვრა.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, თუ ინფლაციის მაღალი, ორნიშნა მონაცემი შენარჩუნდა, საპენსიო ფონდის ამონაგები უარყოფითი იქნება, რაც ნიშნავს, რომ განთავსებული თანხები მსყიდველობითუნარიანობას დაკარგავს.

„პირველ რიგში, იმედი ვიქონიოთ, რომ ინფლაცია დაუბრუნდება დაბალ ნიშნულებს და არ მოხდება ლარის მსყიდველობითუნარიანობის შემდგომი დაკარგვა, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, თუ ინფლაცია იქნება წლიურ ეფექტურ შემოსავლიანობის მონაცემზე მეტი, ანუ საშუალოდ რაც გამოაცხადეს (სააგენტომ), 11 პროცენტზე ცოტა მეტი, და თუ ინფლაცია იქნება ამ მონაცემზე მეტი, საპენსიო ფონდში განთავსებული თანხების მსყიდველობითუნარიანობაც შესაბამისად შემცირდება”, — უთხრა ლევან სურგულაძემ ნეტგაზეთს.

უფრო მეტი საპენსიო დანაზოგების მსყიდველობითუნარიანობის შესახებ გაიგეთ ნეტგაზეთის მასალიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი