ახალი ამბები

ბოკუჩავასა და სხვა ქალების გაძევებაში გენდერულმა საბჭომ ქალებზე ძალადობა ვერ დაინახა

3 ნოემბერი, 2021 • 1611
ბოკუჩავასა და სხვა ქალების გაძევებაში გენდერულმა საბჭომ ქალებზე ძალადობა ვერ დაინახა

პარლამენტის გენდერულმა საბჭომ ვერ დაინახა გენდერული ნიშნით ძალადობა 18 ივლისის მოვლენებში, რა დროსაც პარლამენტის დეპუტატმა კაცებმა ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოაყანებით გადაადგილეს და გააძევეს სხდომათა დარბაზიდან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დღეს, 3 ნოემბერს განუცხადა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს პარლამენტში მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე, მათ შორის, ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხელაშვილის ურთიერთდაპირისპირებასა და პარლამენტში შალვა პაპუაშვილის მხრიდან თინა ბოკუჩავას ძალით გადაადგილებაზე.

„თითოეული ინდივიდუალური შემთხვევა საჭიროებს უფრო მეტ სიღრმისეულ განხილვას და ეს ვერ იქნება მხოლოდ განხილული გენდერული ჭრილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, თითოეული ამ შემთხვევაში გამოგვევლინა, იყო თუ არა სპეციალურად ქალის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია. საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე და ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს არ ყოფილა მიზანმიმართული, ქალის მიმართ ძალადობა.

თუმცა, თითოეულ შემთხვევაში მე ვისურვებდი, რომ პარლამენტის ნებისმიერმა წევრმა, ეს იქნება მმართველი გუნდიდან თუ განსაკუთრებით, ოპოზიციიდან, რომლებიც დიდი აგრესიით გამოირჩევიან, პატივი სცეს საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას“, — ამბობს წილოსანი, რომელიც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, გენდერულმა საბჭომ განიხილა მხოლოდ 18 ივლისის „ქეისი“. თუმცა, როგორც წესი, გენდერული საბჭო არაა უფლებამოსილი, აღნიშნული საქმეები განიხილოს, გამონაკლისი კი დაუშვეს იმიტომ, რომ ამ საქმეებში ქალები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება ნონა მამულაშვილსა და გიორგი ხელაშვილს, წილოსანი ამბობს, რომ თავდაპირველად ნონა მამულაშვილის მხრიდან „დაიწყო შეურაცხყოფა და იყო საპასუხო რეაქცია“. თუმცა, მისივე თქმით, ის არცერთ მხარეს არ ამართლებს და ორივეს საქციელი მიუღებელი იყო.


18 ივლისს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტან გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. ამ დღეს ოპოზიციური დეპუტატები და მედიის წარმომადგენლები „ტვ პირველის“ დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებითა და პლაკატებით მივიდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშივლისა და შს მინისტრის გადადგომა.

ამ მოთხოვნებს დაძაბულობა და არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ კი მინისტრი პარლამენტიდან წავიდა.

სწორედ ამ არეულობის დროს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იმ ტრიბუნასთან მიახლოება სცადა, საიდანაც შს მინისტრი ვახტან გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. მმართველი გუნდის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბოკუჩავას ხელი მოხვია, ზემოთ ასწია და რამდენიმე მეტრის მოშორებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადააადგილა.

დეპუტატი მანდატურის ფუნქციით — როგორ იძალადეს ქალებზე პარლამენტში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი