ახალი ამბები

სადაც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს, მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ვთავაზობ — დოლიძე

2 ნოემბერი, 2021 • 4000
სადაც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს, მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ვთავაზობ — დოლიძე

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვან იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს უმრავლესობა აქვს მოპოვებული. დოლიძე აღნიშნულ გეგმას “სახალხო იმპიჩმენტს” უწოდებს.

დოლიძე აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა, “ქართული ოცნება” კი სასურველი შედეგების მოსაპოვებლად მოსახლეობის პრობლემებით სარგებლობას აგრძელებს:

“ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი იყო არჩევნების შედეგები რეგიონებში, კონკრეტულად, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. როგორც ჩანს, სწორედ იმ გაყალბების ფონზე, რომელიც ადგილებზე ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ადმინისტრაციამ, ეს ქალაქები მოგებული აქვს ოპოზიციის კანდიდატებს. ამასთან მიმართებაში ჩვენ ოპოზიციას  ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“.

თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს (ეს რაიონებია – ბათუმი, რუსთავი,ზუგდიდი,  ჩხოროწყუ, მარტვილი) დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ამასთან, იმ რაიონებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა აქვს მმართველ გუნდს, ამომრჩეველთა 20%-ს აქვს საშუალება, შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, მიმართოს ადგილობრივ საკრებულოებს, რომელთა 2/3-ს აქვს უფლება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი”, — განმარტა დოლიძემ.

პარტიის “ხალხისთვის” ლიდერი აცხადებს, რომ “სახალხო იმპიჩმენტი” საერთაშორისო თანამეგობრობას “მისცემს სიგნალს, რომ არჩევნების ღიად მოპარვა მიუღებელია”. დოლიძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოპოზიციურად განწყობილია, რაც ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ვითარება “მომწიფებულია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი