ახალი ამბები

“ვარ ფეხბურთელი და გეი” — საფეხბურთო სამყაროს მხარდაჭერა ჯოშ კავალოს

2 ნოემბერი, 2021 • 2328
“ვარ ფეხბურთელი და გეი” — საფეხბურთო სამყაროს მხარდაჭერა ჯოშ კავალოს

ავსტრალიური საფეხბურთო კლუბის, “ადელაიდა იუნაიტედის” ფეხბურთელმა ჯოშ კავალომ განაცხადა, რომ გეია. 21 წლის ფეხბურთელმა არაერთი მხარდამჭერი გზავნილი მიიღო როგორც გულშემატკივრებისგან, ისე საფეხბურთო კლუბებისა და მოთამაშეებისგან.

“მე ვარ ფეხბურთელი და ვარ გეი”, — აღნიშნავს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში. კავალო გახდა ერთადერთი მოქმედი, უმაღლესი დონის პროფესიონალი ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელმაც ღიად ისაუბრა თავის მიკუთვნებულობაზე ლგბტ თემთან.

ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ებრძოდა თავის ორიენტაციას, ახლა კი მოხარულია იმით, რომ ეს პროცესი შეაჩეროს.

“მათ, ვინც მიცნობს, იციან, რომ ჩაკეტილი ადამიანი ვარ. როცა ვიზრდებოდი, ყოველთვის ვგრძნობდი საკუთარი თავის დამალვის საჭიროებას, რადგან მრცხვენოდა”, — აღნიშნავს კავალო.

ფეხბურთელის თქმით, არასდროს ეჩვენებოდა რეალობად თავისი ბავშვობის ოცნების ასრულება, ფეხბურთის თამაში და თანასწორი მოპყრობა მისდამი.

როგორც ჰყვება, საფეხბურთო კარიერის დროს მოუწია ესწავლა, როგორ შეენიღბა თავისი გრძნობები, რათა პროფესიონალი ფეხბურთელის ჩარჩოს მორგებოდა.

“გეიდ ყოფნა და ფეხბურთის თამაში იყო ორი განსხვავებული სამყარო, რომელთაც აქამდე არასდროს გადაუკვეთიათ ერთმანეთი. ვიცხოვრე იმ ვარაუდით, რომ ეს იყო საკითხი, რომელზეც არასდროს ვისაუბრებდი”, — დასძენს ჯოშ კავალო და ამატებს:

“ერთადერთი, რაც მინდა, არის ფეხბურთის თამაში და თანასწორად მოპყრობა”.

კავალო არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც თავის სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა ისაუბრა. გასულ წლებში თავიანთ ჰომოსექსუალობასა და ბისექსუალობაზე სხვა ფეხბურთელებსაც ულაპარაკიათ.

ასე მოიქცა, მაგალითად, გერმანელი ტომას ჰიცლშპერგერი 2014 წელს. თუმცა, ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც თავისი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

სწორედ ამ კუთხით არის გამორჩეული ჯოშ კავალოს შემთხვევა. ის უმაღლესი დონის პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის დასრულებამდე ისაუბრა თავის ჰომოსექსუალობაზე.

ვიდეომიმართვაში კავალო შეეხო მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რომელიც გაურთულა თავისი ორიენტაციის დამალვის გამუდმებულმა მცდელობამ.

“დღის ბოლოს მინდოდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს იმაზე დიდი რამეა, ვიდრე ფეხბურთი. ეს ჩემი ცხოვრებაა. სახლში მივდიოდი და არ ვიყავი ბედნიერი… ეს ნელ-ნელა გჭამს. არავის ვუსურვებ ამას”, — დასძინა მან BBC-სთან საუბრისას.

ჯოშ კავალოს განცხადება მალევე გააშუქა ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ. “ტვიტერზე” მის ვიდეოს 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ფეხბურთელს მალევე დაუჭირა მხარი როგორც თავისმა კლუბმა, ისე სხვა საფეხბურთო კლუბებმა მსოფლიოს მასშტაბით.

“აღფრთოვანებული ვართ თქვენი ძალით, გაიკვალოთ გზა, ჯოშ. მთელი ჩელსი თქვენთანაა”, — წერს ინგლისური საფეხბურთო კლუბი ვიდეოს კომენტარებში.

კავალოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ინგლისის პრემიერ ლიგიდანაც, კლუბ იუვენტუსის “ტვიტერის” ანგარიშიდან კი ფეხბურთელს ასეთი კომენტარი დაუწერეს:

“შენით ვამაყობთ, ჯოშ. განსხვავება შობს ცვლილებას”.

ასეთივე პოზიცია გამოხატა შოტლანდიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმაც, ავსტრალიის “პროფესიონალ მოთამაშეთა გაერთიანებამ” კი აღნიშნა, რომ ეს არის “შესანიშნავი მომენტი” როგორც თავად კავალოსთვის, ისე სპორტისა და ლგბტი+ საზოგადოებისთვის.

ჯოშ კავალო ამბობს, რომ არაერთი ახალგაზრდა, პოტენციურად ნიჭიერი ფეხბურთელი იკარგება იმის გამო, რომ “ისინი ვერ ერგებიან ნორმას”. მას სურს, წვლილი შეიტანოს ვითარების გაუმჯობესებაში.

“როგორც გეი ფეხბურთელმა, ვიცი, რომ არსებობენ სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც მდუმარებაში ცხოვრობენ. მინდა, წვლილი შევიტანო ამის შეცვლაში; ვაჩვენო, რომ ყველა მისასალმებელია ფეხბურთში და ყველა იმსახურებს უფლებას, იყოს თავისი ნამდვილი მე”, — დასძენს კავალო.

მთავარი ფოტო: Adelaide United

მასალების გადაბეჭდვის წესი