ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ოთხშაბათს საპროტესტო აქციას აანონსებს

2 ნოემბერი, 2021 • 1080
„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ოთხშაბათს საპროტესტო აქციას აანონსებს

ოთხშაბათს, 3 ნოემბერს, 20:00 საათზე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას აანონსებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ლიდერმა ანა წითლიძემ, – რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს, – ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეკრება პარტიის ოფისთან, ჭადრაკის სასახლის წინ გაიმართება.

მან მთელი სამეგრელოს მასშტაბით მოუწოდა ოპოზიციურ ამომრჩეველს, მივიდნენ აქციაზე და ერთი მხრივ, არჩევნების გაყალბება, მეორე მხრივ კი, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტონ.

ცესკოს მონაცემებით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ. მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

ზუგდიდში, ცესკოს ოფიციალური შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა წოწერიამ, რომელიც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, ხმების 51.6% აიღო, ენმ-ის კანდიდატმა ანზორ მელიამ (ექიმმა, ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას მამამ)- 48.4%.

არჩევნების მეორე დღეს, 31 ოქტომბერს, ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სამშაბათიდან, 2 ნოემბრიდან, საქართველოს ქალაქებში „მასშტაბური აქციები“ დაიწყება.

პირველი აქცია 2 ნოემბერს იმართება ბათუმში.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს და გაყალბებულსა და არალეგიტიმურს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი