ახალი ამბები

საბურთალოზე ხმების შერჩევითი გადათვლით “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს 3 ხმა დაემატა

1 ნოემბერი, 2021 • 1633
საბურთალოზე ხმების შერჩევითი გადათვლით “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს 3 ხმა დაემატა

საბურთალოს ოლქში 30 ოქტომბრის არჩევნებზე მიღებული ხმების შერჩევითი გადათვლის პროცედურა დღეს, 1 ნოემბერს ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ოლქის 7 უბანი გადაითვალეს, საიდანაც მონაცემები სამ უბანზე მცირედით შეიცვალა.

კერძოდ, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბესიკ ლაჩაშვილის თქმით, 31-ე უბანზე 2 ხმა მოაკლდა “გირჩი – მეტი თავისუფლების” მაჟორიტარობის კანდიდატს, ბორის ყურუას და დაემატა “ქართული ოცნების” კანდიდატს, ავთანდილ ცინცაძეს. ასევე, ავთანდილ ცინცაძეს ერთი ხმა დაემატა 88-ე უბანზეც, სადაც ერთ-ერთ შეკვრაში ბიულეტენების აკინძვისას 10-ის ნაცვლად 11 ბიულეტენი იყო მიმაგრებული, რაც გადათვლისას გამოვლინდა. ამასთან, 60-ე უბანზე შეიცვალა ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც, კერძოდ შემაჯამებელ ოქმში ეწერა 24 ბათილი ბიულეტენი, თუმცა გადათვლისას აღმოჩნდა, რომ რეალურად ამ უბანზე 25 ბიულეტენი იყო გაბათილებული.

“დღეს ლოტოტრონით გამოვლენილი იყო, ჯამში, 7 უბანი, რომელთა მონაცემებიც გადაიხედა. ცვლილება დაფიქსირდა 3 შემთხვევაში. შეცვლილი მონაცემებით ამით საბურთალოს შედეგების საერთო ჯამი არ შეცვლილა”, – განაცხადა ბესიკ ლაჩაშვილმა ჟურნალისტებთან.

ხმების შერჩევითი გადათვლისას მცირედი დაპირისპირება მოხდა “საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის” დამკვირვებელს, თამთა გოდოლაძესა და 31-ე უბნის მონაცემების მთვლელებს შორის. თამთა გოდოლაძე აცხადებდა, რომ გადათვლის დაკვირვების პროცესში ერთი ბათილი ბიულეტენი საეჭვოდ მოეჩვენა და კომისიის წევრებს სთხოვა, რომ ეს ბიულეტენი მისთვის ეჩვენებინათ, რაზეც გოდოლაძის თქმით, კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს. თუმცა თავად კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ ბიულეტენის ჩვენებაზე გოდოლაძისთვის უარი არ უთქვამთ. საბოლოოდ დამკვირვებელმა აღნიშნული ბიულეტენის ნახვა ვერ მოახერხა.

ასევე, მცირედი დაპირისპირება მოხდა 64-ე უბნის ერთ-ერთი ბიულეტენთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ბიულეტენზე “გირჩი – მეტი თავისუფლების” კანდიდატის გრაფასთან X ნიშანი იყო დასმული, კომისიის წევრები ამ ბიულეტენის გაბათილებას გეგმავდნენ, რაზეც დამკვირვებლებმა მოითხოვეს, რომ აღნიშნული ბიულეტენი საეჭვო ბიულეტენებში ჩაეთვალათ. საბოლოოდ, მსჯელობის შემდეგ კომისიის წევრებმა ეს ბიულეტენი ჩათვალეს.

რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას, ბესიკ ლაჩაშვილის განმარტებით, თითოეული უბნის გადასათვლელად გამოვლინდა 4 მთვლელი, მათ შორის ერთი- კონკრეტული უბნის კომისიის თავმჯდომარე, ერთი – კომისიის წევრი პოლიტიკური პარტიიდან, ერთი – კომისიის წევრი ოლქიდან და ორი – კომისიის არაწევრი ოლქის წარმომადგენელი, საიდანაც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი