პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში იგეგმება.

აღნიშნული ინფორმაცია, დღეს, პირველ ნოემბერს, სააკაშვილის ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

მისივე თქმით, ვერტმფრენის მობილიზება, რაზეც იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას უკავშირდება.

„ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს, ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში, შესაძლოა, დაიგეგმოს, ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება, ასე რომ, არ გამოგივათ, მეგობრებო”, — განაცხადა მან.

პენიტენციური სამსახური გვრამიას განცხადებას ბრალდებას უწოდებს.

„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – აცხადებს პენიტენიური სამსახური.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პენიტენციური სამსახური ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს.