ახალი ამბები

მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება – ხვიჩია „ოცნებას“

1 ნოემბერი, 2021 • 2182
მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება – ხვიჩია „ოცნებას“

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ამ მილოცვით უნდა, სხვებს ურთიერთპატივისცემის მაგალითი მისცეს.

“მე გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ, შეიძლება უკანასკნელად, ვცადო, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ეს იყოს  ჩემი მხრიდან აღქმული, როგორც პარლამენტი და განვსხვავდებოდე ჩემი კოლეგებისგან ამით. როდესაც ვამბობთ, რომ ეს პარლამენტია, ამ ლოგიკის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ. მე გადავწყვიტე, საკუთარი მაგალითით დავიწყო. ჩემი კოლეგებიდან ჯერ ეს არავის გაუკეთებია და [მსურს] თქვენგანაც იგივე მოვითხოვო – ერთმანეთთან პატივისცემით ურთიერთობა. მე მინდა მოგილოცოთ გამარჯვება არჩევნებში. როგორც ვიცი, ჯერჯერობით ეს ჩემს არცერთ კოლეგას არ გაუკეთებია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, სურს, „ქართული ოცნებისგანაც“ დაინახოს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობასაც აპირებენ. მისი თქმით, „გირჩის“ ჯგუფებში საყვედურობენ პარლამენტში შესვლის გამო, რადგან ისინი „მაინც ვერაფერს ცვლიან“.

„მაგრამ ასევე მინდა დავინახო, რომ თქვენ აპირებთ სერიოზულ თანამშრომლობას ვინმესთან ოპოზიციიდან. იმიტომ, რომ კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას არ იბადება. ამას მნიშვნელობა არ გააჩნია, ან გაქვს ასეთი აზრი, ან არა. შეუძლებელია კარგი აზრები მხოლოდ იმ ხალხს მოსდიოდეს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. მაგრამ აქამდე მე თქვენგან არ მიგვრძვნია, რომ რაიმეში შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს… მე თუ მივაგენი, როგორი არის სწორი ქცევა რაღაცის მიმართულებით. როგორც ოპოზიციონერს, ფიზიკურად არანაირი შანსი არ გაქვს, რაიმე გაიტანო. ყველამ ვიცით, რომ თუ კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგნელისგან შემოდის, მისი მიღება მაღალი ალბათობით შესაძლებელია, ფაქტია, თუ ოპოზიციონერის მხრიდან – არა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ყველა ქალაქში, გარდა წალენჯიხისა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი