ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: საარჩევნო რეფორმები ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა შეასუსტა

1 ნოემბერი, 2021 • 1145
აშშ-ის საელჩო: საარჩევნო რეფორმები ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა შეასუსტა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ წელს გატარებული არჩევნებთან დაკავშირებული რეფორმები წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს “ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა” შეასუსტა და თავისუფალი ხმის მიცემის შესაძლებლობაზე უარყოფითად იმოქმედა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ დღეს, 1 ნოემბერს გაავრცელა.

“როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა, დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის საელჩო ოდირის შეფასებასაც იზიარებს, რომ არჩევნები, საერთო ჯამში, მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყო, თუმცა ამომრჩეველთა დაშინების და ზეწოლის შესახებ ბრალდებები 30 ოქტომბრის არჩევნებშიც შენარჩუნდა. ასევე, საელჩო მიიჩნევს, რომ არჩევნების პროცესზე უარყოფითად იმოქმედა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა “უარყოფითი რიტორიკის გამწვავება”.

“რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე, ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე.

მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე”, – განმარტავს საელჩო.

საელჩო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს პირველ და მეორე ტურებში მედიის წარმომადგენლებსა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ ძალადობის შესახებ გავრცელებული “სარწმუნო ცნობების” შესახებაც.

“ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია”, – განმარტებულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია შემთხვევითი გადათვლის პროცესზეც. სელჩო ამ პროცესს აფასებს, როგორც “ტესტს და შესაძლებლობას” ცესკოსთვის და სასამართლოსთვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება მოვალეობის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შესრულება.

ასევე, საელჩო მხარეებს მოუწოდებს, საარჩევნო დავების განსახილველად სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები გამოიყენონ.

“საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩო ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებს, რომ გაატარონ ყველა დანარჩენი რეფორმა, რომლის რეკომენდაციაც ეუთო/ოდირმა, ვენეციის კომისიამ და სხვა საერთაშორისო ექსპერტებმა გასცეს.

“ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას, როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი