ახალი ამბები

აქციები სამშაბათიდან რეგიონებში და ბოლოს თბილისში — ოპოზიციის გეგმა

31 ოქტომბერი, 2021 •
აქციები სამშაბათიდან რეგიონებში და ბოლოს თბილისში — ოპოზიციის გეგმა

განახლება, 22:00 — ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მასშტაბური აქცია ნამდვილად გაიმართება მიმდინარე დღეებში, მაგრამ არა კვირას, 7 ნოემბერს, როგორც ეს ნიკა მელიამ გამოაცხადა რუსთაველის გამზირზე. აქციის ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, რომ ოპოზიცია სამშაბათიდან იწყებს მასშტაბურ აქციებს.

მისი თქმით, პირველი აქცია სამშაბათს გაიმართება ბათუმში, შემდეგ ქუთაისში, სხვა ქალაქებში და ბოლოს კვირას, 7 ნოემბერს თბილისში.

„გვჭირდება მცირე დრო, რომ მასშტაბური აქცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს, დავგეგმოთ. აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა აქციისგან ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, მეტ დეტალებში ამაზე არ შევიდე“, — თქვა ნიკა მელიამ დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მელიას თქმით, აქციები პერმანენტულად გაიმართება სხვადასხვა ქალაქში.

„რუსთაველის გამზირიდან წელს დამარცხებულები არ გავალთ, ჩვენ გავალთ გამარჯვებულები“ — ამბობს მელია. მან აქციიდან ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი ციხიდან დასახსნელად.

ნიკა მელიას თქმით, აქციების პარალელურად, ისინი ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივრებენ ყველა საარჩევნო დარღვევას, რათა გაიარონ სრული სამართლებრივი პროცედურები. როგორც მელია ამბობს, ამის მიზანია დასავლელი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ ოპოზიციის თვითმიზანი აქციები არ არის.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან, მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ, მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ს კანდიდატმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი