ახალი ამბები

ზუგდიდის კოვიდუბანზე წოწერიამ ხმების 85.9% მიიღო, მელიამ – 14.1%

31 ოქტომბერი, 2021 • 1638
ზუგდიდის კოვიდუბანზე წოწერიამ ხმების 85.9% მიიღო, მელიამ – 14.1%

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების თანახმად, ზუგდიდის 109-ე, ე.წ. კოვიდუბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ხმების 85.9% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ანზორ მელიამ კი -14.1%.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, სპეციალურ სიაში 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმა კი სულ 381-მა ადამიანმა მისცა.

შედეგების თანახმად, მათგან მხოლოდ 53-მა მისცა ხმა ანზორ მელიას, მამუკა წოწერიამ კი 324 ხმა მიიღო. 4 ბიულეტენი გაბათილდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ უბანზე არჩევნები გაყალბდა.

„ორი აზრი არ არსებობს, კოვიდუბანზე ცალსახად გაყალბებულია შედეგები. რომ შეხედოთ რიცხვებს, ნებისმიერი ადამიანი გამოიტანს ამ დასკვნას“, – განუცხადა ანი წითლიძემ „ნეტგაზეთს“.

მისი თქმითვე, ზუგდიდში „გვაქვს ასობით გაბათილებული ბიულეტენი, თანაც იმ ფონზე, როდესაც უბნები ბოლომდე დათვლილი არ არის“.

უბნების 65%-ის (ანუ 109-დან 71 უბნის) დათვლის შედეგად არსებული მონაცემებით, ანზორ მელიას ხმების 47.6% აქვს, მამუკა წოწერიას კი- 52.4%.

ამასთან, სხვა უბნებში „ქართული ოცნების“ უპირატესობა ძირითადად 5-10%-ში მერყეობს. კოვიდუბნის მსგავსი სხვაობა სხვა არცერთ უბანში არ ფიქსირდება. ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირებულია მხოლოდ პირველ უბანზე, სადაც წოწერიას 62% აქვს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს, კითხვით, რითი აიხსნება კოვიდუბანსა და სხვა უბნებს შორის კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის სხვაობებში ასიმეტრია. მირანდა მესხი აცხადებს:

„უბნიდან შემოვიდა შემაჯამებელი ოქმი, ერთი-ერთში ზის მონაცემი, დისბალანსი არ არის… რაცაა შედეგი და უბანზე რაც დათვალეს, ეგაა“.

როგორც მირანდა მესხი განმარტავს, 109-ე, სპეციალური უბანი ლოკალიზებული იყო რუხის საჯარო სკოლაში, იქიდან კი, ჯამში, „6 გადასატანი ყუთი მოძრაობდა კოვიდცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან“.

ამასთან, მესხის თქმითვე, ყოველ ყუთს მიჰყვებოდა ორი კომისიის წევრი როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე „ქართული ოცნებიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი