ახალი ამბები

ცესკოში წინასწარი შედეგების გამოცხადების მიახლოებით დროს ვერ ასახელებენ

30 ოქტომბერი, 2021 • 1821
ცესკოში წინასწარი შედეგების გამოცხადების მიახლოებით დროს ვერ ასახელებენ

ცესკოში ვერ ასახელებენ მიახლოებით დროს, თუ როდის გამოცხადდება მეორე ტურის წინასწარი შედეგები. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წინასწარი შედეგები მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ცესკო საოლქო კომისებისგან ყველა შემაჯამებელ ოქმს მიიღებს.

მისი თქმით, წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, ცესკოში შესული დასკანერებული შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge, სადაც მისი ნახვა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

„იმის შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეადგენენ შემაჯამებელ ოქმებს, ისინი გადაეცმათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოხდება შემაჯამებელი ოქმების დასკანერება და გადმოცემა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. იმის შემდეგ, რაც ყველა შემაჯამებელი ოქმი შემოვა, ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავაკეთებთ განცხადებას წინასწარი შედეგების თაობაზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩეის.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722 იყო, აქედან თბილისში – 1 002 525, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იღებდა.

ცესკოს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო.

მათი ცნობით, მეორე ტურში 20:00 საათამდე უბნებზე 1025406 ამომრჩეველი გამოცხადდა.

მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო – ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი