ახალი ამბები

“მთავარი არხისთვის” ეგზიტპოლს კომპანია Anova ატარებს

30 ოქტომბერი, 2021 • 1260
“მთავარი არხისთვის” ეგზიტპოლს კომპანია Anova ატარებს

ორგანიზაცია IPSOS-თან ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, “მთავარი არხი” თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეგზიტპოლს მაინც ატარებს  და შედეგების გამოქვეყნებას 20.00 საათისთვის გეგმავს.  “ნეტგაზეთს” ტელეკომპანიაში უთხრეს, რომ ეგზიტპოლს გააკეთებს კომპანია Anova, რომელიც წინა ეგზიტპოლების საველე სამუშაოებში იყო ჩართული.

მანამდე, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხი” საარბიტრაჟო წესით უჩივლებს კვლევით ორგანიზაცია „IPSOS-ს“, რომელიც წლების განმავლობაში ატარებდა ეგზიტპოლებს ტელეკომპანიის დაკვეთით.

ტელეკომპანიის განცხადებით, კომპანია Anova გასულ წლებში  IPSOS-სთვის დაკვეთილი ეგზიტპოლების საველე სამუშაოებში იყო ჩართული. ახლა, როცა “მთავარ არხსა” და IPSOS-ს შორის თანამშრომლობა შეწყდა, 30 ოქტომბრის ეგზიტპოლი ტელეკომპანიამ სწორედ Anova-ს თანამშრომლებს მიანდო.

“ისინი[Anova-ს თანამშრომლები] ძალიან გამოცდილები არიან… ისინი შეიარაღებულნი არიან ინფრასტრუქტურით და გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ეს რესურსი, რათა არ ყოფილიყო ჩახშული ალტერნატიული აზრი და მარტო GORBI-ს[“იმედის” მიერ დაკვეთილი კვლევის] იმედზე არ უნდა ყოფილიყო ქვეყანა”, — აღნიშნავს მურადაშვილი.

“მთავარი არხის” დირექტორის თქმით, ეგზიტპოლის პროცესში შეგროვილ მონაცემთა გადამუშავებისთვის ტელეკომპანიამ “სასწრაფოდ შეკრიბა სპეციალისტები”, მათ შორის, უცხოელები.

მისივე თქმით, დაინტერესებული პირებისთვის,  მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ეგზიტპლის მეთოდოლოგია გამჭვირვალე იქნება.

რა მოხდა “მთავარ არხსა” და IPSOS-ს შორის

27 ოქტომბერს “მთავარმა არხმა” გამოაქვეყნა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატი ანზორ მელია იმარჯვებს.

მოგვიანებით, „IPSOS-მა“ გამოაქვეყნა იმავე კვლევის შედეგები, სადაც ხსენებული მონაცემი ტელეკომპანიის მიერ გაცხადებული შედეგისაგან განსხვავდებოდა. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ხმების 50%-ზე მეტი სახელისუფლებო კანდიდატ მამუკა წოწერიას აქვს.

სანამ IPSOS-ის პოზიცია გახდებოდა ცნობილი, ამ საკითხს”ქართულმა ოცნებამ” ბრიფინგი მიუძღვნა, რომლის დროსაც შალვა პაპაშვილმა თქვა, რომ ზემოხსენებული კვლევის შედეგები “მთავარმა არხმა” მანიპულაციით გაავრცელა.

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ IPSOS-ის პოზიციის შესახებ ტელეკომპანიამ პირველად “ქართული ოცნებისგან” გაიგო.

ის გამორიცხავს მანიპულაციას ტელეარხის მხრიდან და გამოთქვამს “საფუძვლიან ეჭვს”, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას IPSOS-სა და მმართველ პარტიას შორის.

აღნიშნულის ფონზე, “მთავარმა არხმა” კვლევით ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაწყვიტა, თქვა, რომ მას ეგზიტპოლს აღარ ჩაატარებინებს და საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს “არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებების” გამო.

ამ პოზიციას IPSOS არ იზიარებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატების შესახებ განსხვავებული შედეგების გამოქვეყნება აიხსნება „მთავარი არხის“ მხრიდან “გაუგებრობით”.

“სამწუხაროდ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა შეუწონელი მონაცემები, რომელიც არის წინასწარი და არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის ზუსტი და საბოლოო. ეს არის დაბნეულობის წყარო”, — დასძენს კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი