ახალი ამბები

IPSOS „მთავარ არხს“ გაუგებრობაში ადანაშაულებს

29 ოქტომბერი, 2021 • 1981
IPSOS „მთავარ არხს“ გაუგებრობაში ადანაშაულებს

კვლევითი კომპანია „IPSOS“ განცხადებას ავრცელებს  „მთავარი არხისა“ და მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების განსხვავებულობის შესახებ.

კომპანიის თანახმად, ზუგდიდის მერობის კანდიდატების შესახებ განსხვავებული შედეგების გამოქვეყნება აიხსნება „მთავარი არხის“ მიერ შეუწონელი მონაცემების გამოქვეყნებით, რომელიც არხს მხოლოდ კვლევების გამჭვირვალობის საჩვენებლად გაეგზავნა და არა – გამოსაქვეყნებლად.

„27 ოქტომბერს IPSOS-მა გაავრცელა ჩვენი კლიენტის, „მთავარი არხის“ წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგები საქართველოს ხუთ მთავარ ქალაქში. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული შედეგები, ზუგდიდის შემთხვევაში, იყო განსხვავებული IPSOS-ის მიერ მათთვის მიწოდებული და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებისგან.

IPSOS-ს სწამს, რომ ინციდენტი გამოიწვია „მთავარი არხის“ მხრიდან გაუგებრობამ, თუ რა იყო განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად. „მთავარი არხისადმი“ გაგზავნილი ჩვენი ანგარიში მოიცავს სრულ შეწონილ და შეუწონელ შედეგებს ზუგდიდისთვის. IPSOS-ის პრაქტიკის თანახმად, ეს განხორციელდა, რათა კლიენტისთვის უზრუნველყოფილი ყოფილიყო ჩვენი კვლევის სრული გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა შეუწონელი მონაცემები, რომელიც არის წინასწარი და არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის ზუსტი და საბოლოო. ეს არის დაბნეულობის წყარო.

IPSOS ადასტურებს, რომ ზუსტი შედეგები ზუგდიდისთვის არის შეწონილი მონაცემები, რაც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებსაიტზე.

IPSOS-ს სურს უზრუნველყოს საარჩევნო გამოკითხვების ზუსტი შედეგები, ყოველთვის და ყველგან, სადაც ჩვენ ამ გამოკითხვებს ვატარებთ. ჩვენ ასევე გვსურს, ვიყოთ გამჭვირვალე იმის შესახებ, თუ როგორ ვატარებთ კვლევებს. IPSOS-ს სწამს, რომ ზუსტი, გამჭვირვალე კვლევები არის კარგი დემოკრატიისთვის“, — წერია კვლევითი კომპანიის მიერ დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია საარბიტრაჟო წესით უჩივლებს კვლევით ორგანიზაცია „IPSOS-ს“ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ეგზიტპოლს არ ჩაატარებინებს.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატი ანზორ მელია იმარჯვებს. მოგვიანებით, „IPSOS-სმა“ გამოაქვეყნა იმავე კვლევის შედეგები, სადაც ხმების 50%-ზე მეტი სახელისუფლებო კანდიდატ მამუკა წოწერიას აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი