ახალი ამბები

ზუგდიდში ISFED-ის დამკვირვებლებს 4 უბანზე მიაყენეს შეურაცხყოფა – დოლიძე

30 ოქტომბერი, 2021 • 797
ზუგდიდში ISFED-ის დამკვირვებლებს 4 უბანზე მიაყენეს შეურაცხყოფა – დოლიძე

სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებს ზუგდიდის 4 საარჩევნო უბნანზე შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელს უშლიან.

კერძოდ, დოლიძის ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებლებს შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-10, 29-ე, 38-ე და 96-ე უბნებზე.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია # 10 საარჩევნო უბანი, სადაც უბანზე ყოფნის არაუფლებამოსილმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს“, – დაწერა დოლიძემ ფეისბუკზე.

მისი ცნობითვე, საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ აღნიშნულ არაუფლებამოსილ პირს უბანი დაატოვებინეს.

„29-ე საარჩევნო უბანზე, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის დამკვირვებელმა შენიშნა ამომრჩევლის აღრიცხვა და ითხოვა სიის ნახვა, მას დაემუქრნენ და აიძულეს დაეტოვებინა საარჩევნო უბანი“, – აცხადებს დოლიძე.

29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნატრული ჭანიამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში თქვა, რომ ISFED-ის დამკვირვებელი არ გაუძევებიათ და მან თავად დატოვა უბანი, ხოლო მისი შენიშვნა საფუძველს იყო მოკლებული.

„ეს დამკვირვებელი რომ შემოვიდა, მოადგილეს ჰკითხა, რა სია გიდევს ჯიბეშიო. არადა, მოადგილეს უბრალოდ ედო საკუთარი ჩანაწერები, რეგისტრატორი ვინ იყო, წილისყრა როგორ განაწილდა, ეს ჩანაწერები ჰქონდა“, – ეუბნება ის „ნეტგაზეთს“.

„უთქვამს, საჩივარს დავწერო და თავმჯდომარემ არ დამაწერინაო საჩივარი, მაგრამ ჩემამდე საერთოდ არ მოსულა, ეგეთი რამე არ მითქვამს“, – ამბობს ჭანია.

ISFED მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, „აღკვეთოს დამკვირვებელთა შევიწროების შემთხვევები და უზრუნველყოს დაკვირვების უფლების შეუზღუდავად რეალიზება“.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი