ახალი ამბები

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ – დეგნანი

30 ოქტომბერი, 2021 • 1000
სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ – დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი დამოკიდებული უნდა იყოს კონკრეტულ სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე და ეს სამედიცინო პროფესიონალებმა სამართლიანად და მიუკერძოებლად უნდა გადაწყვიტონ.

ამერიკის ელჩმა ეს განცხადება ქალაქ რუსთავში, ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე ვიზიტისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, რომ ამაზე კონკრეტულად გიპასუხოთ, მაგრამ ვიცი, რომ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ იმ საავადმყოფოს, რომელიც არის პენიტენციურ დაწესებულებაში, არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება.

ეს უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მიერ, სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან აქ საუბარი შეეხება ადამიანის სიცოცხლეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დეგნანმა.

დღეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი