ახალი ამბები

„ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენს სააკაშვილის გადასაყვანად“ — იუსტიციის მინისტრი

29 ოქტომბერი, 2021 • 3835
„ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენს სააკაშვილის გადასაყვანად“ — იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას შესაძლო პროვოკაციაზე სარწმუნოა და ამისთვის მადლობას უხდის სუსს.

მისი თქმით, სუს-ის ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს აძლევს საშუალებას, წინმსწრებად გაატაროს ყველა ის ღონისძიება, რომელიც სააკაშვილის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.

„ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში და მათ შორის, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, — თქვა მინისტრმა ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 29 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, უწყებაში დაიწყეს გამოძიება “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე”. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი