ახალი ამბები

მეორე ტურის ეგზიტპოლს არც ედისონ რისერჩი ჩაატარებს

29 ოქტომბერი, 2021 •
მეორე ტურის ეგზიტპოლს არც ედისონ რისერჩი ჩაატარებს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ეგზიტპოლი არც ტელეკომპანია „ფორმულას“ ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთს „ფორმულას“ დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ განუცხადა.

პირველ ტურში „ფორმულას“ დაკვეთით ეგზიტპოლი  Edison Research-მა ჩაატარა. როგორც თარგამაძე ამბობს, პირველი ტურის დროს ველზე მომუშავე მკვლევრებს პრობლემები ექმნებოდათ, რისი აღმოუფხვრელობასაც შესაძელოა ემოქმედა მეორე ტურში ეგზიტპოლის სანდოობის ხარისხზე.

„არსებობდა გარკვეული პრობლემები, რაზეც ჯერ კიდევ პირველი ტურის მიმდინარეობის დროს განაცხადა როგორც ტელეკომპანიამ, ასევე კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ამის თაობაზე. ეს უკავშირდებოდა ველზე მომუშავე ადამიანებისათვის უსაფრთხო და სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო და აუცილებელი ნორმების არარსებობას.

შესაბამისად, ამ სირთულეებმა გარკვეულწილად დააყენა ეჭვის ქვეშ თავად ეგზიტპოლში ასახული შედეგებისადმი ნდობის მაღალი ხარისხი, რომელიც ტრადიციულად გვაქვს „Edison-ის“ მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრობლემების აღმოფხვრის შესაძლებლობები ჩვენს ხელში არ იყო, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის აღებაც უკვე ძალიან გაჭირდა“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ეგზიტპოლს არ ჩაატარებს კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ც, რომელთანაც “მთავარი არხი” თანამშრომლობდა. „მთვარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია IPSOS-ს საარბიტრაჟო წესით უჩივლებს. გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც IPSOS-ის ვებგვერდზე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული მონაცემებისგან განსხვავებული კვლევის მონაცემი გამოქვეყნდა, სადაც ცდომილების ზღვარიც განსხვავებული იყო.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თბილისში ცდომილების ზღვარია 4.15 პროცენტი, ბათუმში – 4.75 პროცენტი, ქუთაისში – 4.82 პროცენტი, ზუგდიდში – 4.71 პროცენტი და რუსთავში – 4.60 პროცენტი. „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ცდომილების ზღვარი +-3 პროცენტი იყო.

IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში კანდიდატების მხარდაჭერა დამრგვალებული რიცხვებით გამოისახება, „მთავარი არხის“ მონაცემებში რიცხვები დაუმრგვალებელი ფორმითაა მოცემული.

“სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ქართული იფსოსის ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

„მთავარი არხი“ IPSOS-ს არბიტრაჟში უჩივლებს და ეგზიტპოლს აღარ ჩაატარებინებს

ამ დროისთვის უცნობია, აპირებს თუ არა ეგზიტპოლის გამოქვეყნებას ტელეკომპანია იმედი, რომელიც კომპანია გორბთან თანამშრომლობს. ნეტგაზეთი ცდილობს ტელეკომპანიასთან დაკავშირებას.

ფოტო: ფორმულა

მასალების გადაბეჭდვის წესი