ახალი ამბები

ანა დოლიძე და მისი პარტიის წევრები არჩევნების მეორე ტურს დააკვირდებიან

29 ოქტომბერი, 2021 • 1023
ანა დოლიძე და მისი პარტიის წევრები არჩევნების მეორე ტურს დააკვირდებიან

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და პარტიის სხვა წევრები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე თბილისსა და რუსთავში დამკვირვებლები იქნებიან. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს, 29 ოქტომბერს, განაცხადა.

„პარტიას „ხალხისთვის“ არაერთხელ გვითქვამს, რომ ორპოლუსიანობის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იკარგება სიმართლე. ვშიშობთ, სიმართლის დაკარგვის საშიშროება იქნება 30 ოქტომბერსაც. ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ხალხის მმართველობა, ანუ დემოკრატია. 2004 წლიდან დღემდე მე პირადად ყველა არჩევნებში ვიყავი დამკვირვებელი როგორც საქართველოში, ასევე, აშშ-ში, კანადასა და ნორვეგიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ ძალას, გადავწყვიტეთ, ამ არჩევნებშიც ვიყოთ მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევანის შესახებ მოსახლეობას მიუტანს სიმართლეს და დაიცავს მთავარ ფასეულობას – დემოკრატიას.

ამიტომ, პირადად მე და ჩემი გუნდის 30-მდე წევრი არჩევნების მეორე ტურშიც ვემსახურებით საქართველოს და დემოკრატიულ ფასეულობებს იმით, რომ ვიქნებით დამკვირვებლები თბილისსა და რუსთავში. ამით ჩვენ პირველწყარო ვიქნებით მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისთვის, რომელსაც არ სურს იყოს ორპოლუსიანობის მძევალი და აქვს სურვილი, რეალური სიმართლე გაიგოს არჩევნების შესახებ. ჩვენ დავიცავთ არჩევნებზე მისული მოსახლეობის დემოკრატიულ არჩევანს, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის სასარგებლოდ იქნება მათი არჩევანი “, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ხვალ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი. ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი