საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და აღარ აპირებს შიმშილობის შემამსუბუქებელი მკურნალობაში ჩართვას. მისი წერილისააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა გააცნო ჟურნალისტებს.
“როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებამდე შემენარჩუნებინა შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ მათი მთავარი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს.
საქართველოში ჩამოვედი, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ. თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ.
პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც სერიოზულ წარმატებას მიაღწია და ყველა დიდ ქალაქში მიაღწია მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიტიური პროცესის მომსწრე, სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა. ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისათვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე.
დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი, და ესე იგი გამარჯვებული ხვალის იმედი”, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
სააკაშვილი წერილში მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ, ხოლო საღამოსთვის “ხმების დასაცავად” საარჩევნო უბნებთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
“ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს. თქვენს ხელშია ახლა საქართველოს და ჩემი ბედიც”, – წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, 28-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, სადაც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.
კონსილიუმის დასკვნის თანახმად, სააკაშვილისთვის კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას მკურნალობის გაგრძელება მხოლოდ ციხის საავადმყოფოში შეეძლება, რაზეც თავად სააკაშვილი უარს აცხადებს. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში საფრთხე დაემუქრება. თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
აღნიშნულს არ ეთანხმება ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.