ახალი ამბები

ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებს კერძო კლინიკიდან მისი გამოხსნის გეგმა აქვთ

29 ოქტომბერი, 2021 • 1861
ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებს კერძო კლინიკიდან მისი გამოხსნის გეგმა აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები მის გამოხსნას შეეცდებიან. აღიშნულის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მის მიერ ოქტომბრის დასაწყისში გახმიანებილი მოსაზრება, რომლის თანახმადაც სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოწყობის იმედით ჩამოვიდა. მისი მტკიცებით, მსგავს სცენარს განიხილავს “ნაციონალური მოძრაობა” იმ შემთხვევისთვისაც, თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა. ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, არის შემდეგი, რომ რაიმენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, რომ ჩვენ გადავიყვანდით მას კერძო კლინიკაში.

მოგეხსენებათ, რომ კერძო კლინიკაში არანაირი პირობა არ არის, უამრავი პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია… არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ დაიცავენ მის უსაფრთხოებას და სხვა სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას.

ამიტომ, გეგმა არის ასეთი, რომ — რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზებას ისინი შეძლებენ, 4-5-10 000 კაცის მოყვანას შეძლებენ — და, რა თქმა უნდა, მათ გეგმას რომ გავყვეთ, დავუშვათ, გადავიყვანდით კერძო კლინიკაში… ჩვენ მოგვიწევდა მუდმივად ეს ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება აქაც, ვუბრუნდები იმ პირველ სცენარს.

აქაც ანალოგიური სცენარია დაწერილი. და, რა თქმა უნდა, ანალოგიურ პროვოკაციებს გააკეთებდნენ, შეიძლება, რამდენიმე კაციც მოკლან”, — დასძინა მან.

საპასუხოდ წამყვანის კითხვისა “ანუ, კლინიკიდან გამოხსნას შეეცდებიან?” ღარიბაშვილმა თქვა:

“რა თქმა უნდა. ეს არის ახლა მისი ერთადერთი თეორიული, გიჟური სცენარი. მუდმივ ქაოსში ამყოფებენ ქვეყანას”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, 28-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს.ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. როგორც თავად ექსპრეზიდენტი, ისე პირადი ექიმი და ადვოკატები სამოქალაქო კლინიკის საჭიროებაზე საუბრობენ.სახელმწიფო ამ პოზიციას არ იზიარებს და ფიქრობს, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი