ახალი ამბები

„ცდილობენ დაგვიხშონ იმგვარი კომუნიკაცია, რომელსაც ვერ მოისმენენ“ — სააკაშვილის ადვოკატი

28 ოქტომბერი, 2021 • 773
„ცდილობენ დაგვიხშონ იმგვარი კომუნიკაცია, რომელსაც ვერ მოისმენენ“ — სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ციხის შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის აღმართვა კოვიდრეგულაციებს არ უკავშირდება.

საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ გზით დაკავებულსა და ადვოკატებს შორის იმგვარი კომუნიკაციის შეზღუდვას ცდილობს, რომელსაც ვერ მიაყურადებს.

„სამარცხვინოა პენიტენციური სამსახურის მცდელობა, შეხვედრების ოთახში ბარიერის აღმართვა თითქოს დაუკავშიროს კოვიდრეგულაციებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებდით ყველა მოთხოვნას. მათ გვითხრეს, რომ ე.წ. კოვიდ პასპორტი, ანუ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოგვედგინა და ყოველი ვიზიტის წინ ანტიგენ ტესტს გვიკეთებდნენ. PCR-ის პასუხი არ მოუთხოვიათ არასდროს, თორემ წარვადგენდით.

ეს არგუმენტი რომ მოგონილია, იმითაც მტკიცდება, რომ მათ 28-ე დღეს გაახსენდათ თურმე ეს საფრთხეები. ბარიერის ბოლოში არის ბადე, ბადის არსებობამ რანაირად შეიძლება შეაჩეროს ვირუსის გავრცელება?! მათი მიზანი იყო დაეხშოთ ჩვენთვის კომუნიკაციის ისეთი საშუალება, რაც გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი საუბრის მოსმენას. ჩვენ წარმოვადგინეთ უარყოფითი PCR-ის პასუხი და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ციხის ადმინისტრაცია“, — ამბობს საძაგლიშვილი.

დღეს, 28 ოქტომბერს, პენიტენციურმა სამსახურმა ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. უწყების განმარტებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი განახლდა, რადგან მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილი ამბობს, რომ უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის, რეანიმობილის მომსახურებაზე. სააკაშვილის თქმით, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციის დროს.

ამასთან, სააკაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი კომუნიკაცია შეიზღუდა. კერძოდ, შეხვედრების ოთახში ბოლომდე ამოაშენეს ბარიერი, რის გამოც პირდაპირი კომუნიკაცია ვეღარ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი