ახალი ამბები

სააკაშვილი მაგიდაზე ადიოდა და პირბადის გარეშე ეკონტაქტებოდა ადვოკატებს — პენიტენციური

28 ოქტომბერი, 2021 • 1253
სააკაშვილი მაგიდაზე ადიოდა და პირბადის გარეშე ეკონტაქტებოდა ადვოკატებს — პენიტენციური

პენიტენციური სამსახურის თქმით, სიცრუეა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაცია მას არ აძლევს ადვოკატებთან შეხვედრის საშულებას.

„მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს.

დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს, მათ შორის შეხვედრა ერთ-ერთ ადვოკატთან დღესაც შედგა“, — აცხადებს პენიტენციური სამსახური.

უწყების განმარტებით, შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი განახლდა, რადგან მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ.

„მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას.

ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა, რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა“, —აცხადებს პენიტენციური.

მათივე განცხადებით, დოკუმენტაციის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.

როგორც უწყება აცხადებს, მნახველებისა და პატიმრის შეხვედრა 2020 წლის 5 მარტის ბრძანებით მხოლოდ შუშის დამცავი ბარიერის საშუალებითაა შესაძლებელი. უწყება ამ შეზღუდვის მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ასახელებს.

„ადვოკატებისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრას მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის 28 ოქტომბრის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილი ამბობს, რომ უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის, რეანომობილის მომსახურებაზე. სააკაშვილის თქმით, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციის დროს.

ამასთან, სააკაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ კომუნიკაცია შეიზღუდა. კერძოდ, შეხვედრების ოთახში ბოლომდე ამოაშენეს ბარიერი, რის გამოც პირდაპირი კომუნიკაცია ვეღარ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი