ახალი ამბები

“ოცნება” მთავარ არხს IPSOS-ის კვლევის შედეგებით მანიპულაციაში ადანაშაულებს

28 ოქტომბერი, 2021 • 1260
“ოცნება” მთავარ არხს IPSOS-ის კვლევის შედეგებით მანიპულაციაში ადანაშაულებს

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც კომპანია „IPSOS-მა“ მოამზადა, მანიპულირებულია. აღნიშნულს მოგვიანებით გამოეხმაურა ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის თანახმადაც, IPSOS-ის პოზიციის შესახებ “მთავარმა არხმა” მმართველი პარტიის ბრიფინგიდან შეიტყო.

“გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ ერთ-ერთი სკანდალის შესახებ, რომელშიც გაეხვა „ნაციონალური მოძრაობა“, „მთავარი არხი“ და კომპანია „IPSOS“.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებენ, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული, რადგან აცდენა იყო დიდი, თუმცა ამ შემთხვევაში ვნახეთ, თუ როგორ არ დაიმალა მანიპულაციის კვალი.

(IPSOS-ის) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გამოქვეყნდა „მთავარ არხზე“, სადაც ზუგდიდში ანზორ მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 54.7 პროცენტი, ხოლო მამუკა წოწორიასთან დაკავშირებით- 45.3 პროცენტი, ამ დოკუმენტში, რომელიც დევს საიტზე, წერია მამუკა წოწერიას შემთხვევაში 51 პროცენტი, ხოლო ანზორ მელიას შემთხვევაში – 49 პროცენტი.

სხვა მონაცემები თითქოს იგივეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა ის ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ხდება მანიპულირება.

ეს მანიპულაცია დოკუმენტში ბოლომდე ვერ წაიშალა და დარჩა კვალი, რომ თითქმის 5-6 პროცენტია მანიპულაცია ზუგდიდში და მაშინ, როდესაც იგებს ქართული ოცნება და მამუკა წოწერია, გადაკეთებული შედეგით გაცხადდა ის, რომ თითქოს არჩევნებს იგებს ანზორ მელია“, – თქვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

მმართველი პარტიის ამ განცხადებას 28 ოქტომბრის საღამოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც წერს:

“სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის, Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს ქართული ოცნების მიერ გამართულ ბრიფინგზე.

იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ, 12 საათზე გააცნობს საზოგადოებას”.

ნეტგაზეთმა კითხვებით მიმართა IPSOS-ს, თუ რომელი მონაცემი იყო სწორი, კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თუ მთავარი არხის მიერ გახმიანებული რიცხვები; ასევე, შესაძლოა, თუ არა, რომ მონაცემთა გამოქვეყნების დროს დაშვებულიყო შეცდომა, თუმცა ჯერერობით კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი