ახალი ამბები

როგორ ჩატარდა პირველი ღონისძიება კლუბში კორონავირუსის ფონზე

29 ოქტომბერი, 2021 • 1626
როგორ ჩატარდა პირველი ღონისძიება კლუბში კორონავირუსის ფონზე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების ერთ-ერთ ზომად ე.წ. მწვანე სივრცეების შექმნა განიხილება, თუმცა ამ საკითხზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭო უკვე მეორე თვეა მსჯელობს, გადაწყვეტილებას კი აგვიანებს. პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი იკლებს, ინფიცირების შემთხვევები კი იმატებს.

“მწვანე პასპორტებს” ანუ კონკრეტულ დაწესებულებებში კოვიდსტატუსის შემოწმებით დაშვების პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა უკვე იყენებს. მათ შორის ქვეყნების ნაწილში “მწვანე პასპორტების” გამოყენება სავალდებულოა, ზოგ შემთხვევაში კი არ არის სავალდებულო, თუმცა მხოლოდ იმ ბიზნესებს აქვთ მკაცრი რეგულაციების გარეშე მუშაობის უფლება, რომლებიც “მწვანე პასპორტებს” იყენებენ.

საქართველოში act4culture-ის ინიციატივით 8 ოქტომბერს საკლუბო კულტურის აღდგენის საპილოტე ღონისძიება გაიმართა, სადაც კორონავირუსის გავრცელების 0.5%-იანი მაჩვენებელი გამოვლინდა. ეს 14-ჯერ ნაკლებია იმავე დღეს საქართველოში დაფიქსირებულ დადებითობის მაჩვენებელთან შედარებით. თბილისში, კლუბში KHIDI გამართულ ღონისძიებას 1 500 ადამიანი ესწრებოდა და მასზე დასწრება ე.წ. მწვანე პასპორტებით იყო შესაძლებელი.

კერძოდ, კლუბში შესვლა მხოლოდ იმ პირებს შეეძლოთ, ვისაც:

  • ჩატარებული ჰქონდა Covid-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია და მეორე დოზის მიღებიდან გასული იყო 14 დღე, თუმცა არ სცდებოდა 9- თვიან პერიოდს;
  • Covid-19-ის დადასტურებიდან გასული იყო 14 დღე, თუმცა არ სცდებოდა 6 -თვიან ვადას;
  • ღონისძიებამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ჰქონდათ SARS-CoV-2 ვირუსზე PCR ტესტირება და მიღებული ჰქონდათ უარყოფითი შედეგი.

კოვიდ-საშვის მოთხოვნებთან შესაბამისობის ვერიფიკაცია მოხდა ღონისძიებაზე დაშვებამდე, ბილეთის შეძენის პროცესში covidpass.moh.gov.ge-ს საშუალებით.

კვლევის თანახმად, ღონისძიებაზე დამსწრეთა შორის 57.07% სრულად ვაქცინირებული იყო, კოვიდგადატანილი – 11.44%, ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი – 13.80%, ხოლო PCR ტესტის უარყოფითი პასუხი 17.68%-მა წარადგინა.

ღონისძიების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში კი გამოიკვეთა, რომ 10-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით კორონავირუსი დაუდასტურდა ღონისძიებაზე დამსწრე 9 ადამიანს. ამ შემთხვევების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ:

“ინფიცირების ერთი შემთხვევა, მაღალი ალბათობით, არ არის ასოციაციურ კავშირში საპილოტე ღონისძიებაში მონაწილეობასთან, ხოლო დანარჩენ 8 შემთხვევაში არ გამოირიცხა ღონისძიების მსვლელობისას Covid-19-ის ტრანსმისიის შესაძლებლობა”.

ამასთან, კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ღონისძიების დასრულებიდან 24 საათში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა, 48 საათში გამოვლინდა – 1; 72 საათში – 1;  96 საათში – 2. ღონისძიებიდან 120 საათის გასვლის შემდეგ კი 4 პირს დაუდასტურდა ვირუსი.

“Covid-19-ის ტრანსმისიის კვლევა დახურულ სივრცეში ჩატარებული საპილოტე ღონისძიების დროს მიღწეულ იქნა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც გამოიხატა 4-ჯერ უფრო დაბალი დადებითობის მაჩვენებლით პირველ კვლევასთან შედარებით (0.5% vs .2%) და 14-ჯერ უფრო დაბალი მაჩვენებლით იმავე დღეს  ქვეყანაში დაფიქსირებულ დადებითობის მაჩვენებელთან შედარებით (0.5% vs. 7.01%).

აღნიშნული გაუმჯობესების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ღონისძიების შესასვლელების გამკაცრებული კონტროლი და არაიმუნური პირების მხოლოდ PCR მეთოდით ტესტირება, რომლისთვისაც დამახასიათებელია უსიმპტომო, სკრინინგულ ჯგუფებში ინფექციის გამოვლენის უფრო მაღალი ეფექტურობა, ვიდრე ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი ტესტირება”, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ღონისძიების ჩასატარებლად კლუბი KHIDI ადამიანების ტევადობისა და ვენტილაციის გამართული სისტემის გამო შეირჩა. კვლევის თანახმად, კლუბის ტევადობის 75% იყო დატვირთული, ჰაერის ვენტილაციის სისტემა კი მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობდა.

როგორც კლუბის წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე განმარტავს “ნეტგაზეთთან”, 8 ოქტომბრის ღონისძიებამ აჩვენა, რომ ქვეყანაში შესაძლებელია კორონავირუსის გავრცელების შემცირება ისე, რომ ბიზნესმა მუშაობის განახლება შეძლოს. ამისთვის კი სწორედ “მწვანე ზონების” შემოღებაა საჭირო.

მისი განმარტებით, ბოლო 20 თვის განმავლობაში საკლუბო ბიზნესმა დიდი ზარალი განიცადა, რადგან დაკეტვის მიუხედავად მაინც უწევთ გადასახადების გადახდა, თუმცა კოვიდშეზღუდვების გამო მუშაობა არ შეუძლიათ.

“2020 წლის მარტის შემდეგ, რაც დავიკეტეთ, ყოველთვე ფინანსური პრობლემები იმატებდა და იმატებდა. ხშირ შემთხვევაში ეს არის იჯარის გადახდასთან დაკავშირებით, “ხიდის” შემთხვევაში ეს არის წამოკიდებული უდიდესი ბიზნესსესხი და ასევე რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე… ყველას ინტერესი იყო, რომ 8 ოქტომბერს კლუბში “ხიდი” 100%-ით უსაფრთხოდ ჩატარებულიყო [ღონისძიება]. ეს არის საერთო გამარჯვება და პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენ ამ კვლევის საფუძველზე მოვითხოვოთ, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გახსნან ღამის კლუბები აღნიშნული [მწვანე პასპორტების] წესების დაცვით”, – განმარტა ებრალიძემ “ნეტგაზეთთან”.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

მასალების გადაბეჭდვის წესი