ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება – ECR Group

27 ოქტომბერი, 2021 •
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება – ECR Group

ევროპარლამენტში ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი (ECR Group) ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მასზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და მმართველი პარტიის ლიდერებს ეკისრებათ.

„მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს. შიმშილობის პერიოდში მას გულის შეტევა ემუქრება. ციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ შეესაბამება საავადმყოფოს ნორმებს და შესაძლოა არ იყოს ადეკვატური საჭირო მკურნალობისთვის.

ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი მოუწოდებს (მთავრობას), რომ ყოფილი პრეზიდენტი ალტერნატიულ, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ საქართველოს მთავრობასა და მმართველი პარტიის ლიდერებს“, – წერია ევროპარლამენტის ჯგუფის განცხადებაში.

ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი ევროპარლამენტში მემარჯვენე და რადიკალურ პარტიებს აერთიანებს.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. ის უარს აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მას ციხის სამკურნალო დაწესებულებაში საფრთხე შეექმნება.

გარა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის შემუშავებულ რეკომენდაციებს. თავის მხრივ, ხელისუფლება ეწინააღმდეგება სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი