ახალი ამბები

შსს-მ უნდა განმარტოს, რატომ არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი — გოგოსაშვილი

27 ოქტომბერი, 2021 • 1265
შსს-მ უნდა განმარტოს, რატომ არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი — გოგოსაშვილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რა მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი.

დიმიტრი გორდონი კიევიდან თბილისში დღეს დილით გამოფრინდა, მაგრამ თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.

როგორც ნეტგაზეთს მარიამ გოგოსაშვილმა უთხრა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გორდონი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებდა.

„ჟურნალისტის არშემოშვებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. პირველ რიგში, ხელისუფლებამ, შსს-მ აუცილებლად უნდა განმარტოს, რატომ არ შემოუშვეს ჟურნალისტი, რა გახდა ამის საფუძველი. არსებობს შესაბამისი წესები, რა შემთხვევაში არ უნდა შემოუშვან პირი საქართველოში და აუცილებელია ვიცოდეთ, ამ შემთხვევაში რა იყო ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების საფუძველი“ ,— უთხრა გოგოსაშვილმა ნეტგაზეთს.

„შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს მის ჟურნალისტურ საქმიანობას, რაც კიდევ უფრო დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს“, — განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა.


უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს არ შემოუშვეს.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ. ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია”, — დაწერა გორდონმა ინსტაგრამზე.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დიმიტრი გორდონის გარდა, საქართველოში არ შემოუშვეს მისი მეუღლე ალისია ბაცმანი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც თბილისში გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად მოდიოდნენ.

მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი. უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა კი ამბობს, რომ აეროპორტში 40 წუთი შეაყოვნეს და მხოლოდ გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება.

შსს ამ მოვლენებს ჯერ არ გამოხმაურებია.

მთავარ ფოტოზე: მარიამ გოგოსაშვილი, რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი