ახალი ამბები

“ოცნების” აქციის გამო მანქანის გაჩერება მარჯანიშვილზე და სხვა ქუჩებზეც შეიზღუდა [ფოტო]

27 ოქტომბერი, 2021 • 1216
“ოცნების” აქციის გამო მანქანის გაჩერება მარჯანიშვილზე და სხვა ქუჩებზეც შეიზღუდა [ფოტო]

“ქართული ოცნების” აქციასთან დაკავშირებით გადაკეტილია არა მხოლოდ თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები, არამედ საპარკინგე ადგილები პოლიციის ლენტით არის შემოღობილი თავისუფლების მოედნისგან მოშორებულ ქუჩებზე, მაგალითად, მარჯანიშვილზე, ვორონცოვზე, საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან, ვარაზის ხევთან და სხვა.

მარჯანიშვილის მოედანი; ფოტო: თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთი.

მაჯანიშვილის ქუჩა. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი, ნეტგაზეთი.

კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია, ნეტგაზეთი.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პარტიამ “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” თბილისის მერიას ერთი კვირის წინ მიმართა შესაბამისი წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპირებდნენ ხალხმრავალი აქციის გამართვას 100 000 ადამიანის მონაწილეობით.

“თბილისის მერიამ წერილი ინფორმაციისთვის გადაუგზავნა შსს-ს, რომელმაც დაგეგმა დამატებითი ღონისძიებები, რათა აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. ხალხმრავალი აქციების უზრუნველყოფას თბილისის მერია ახორციელებს ნებისმიერი პოლოტიკური თუ სამოქალაქო აქციის დროს, კანონის შესაბამისად”, — აცხადებენ თბილისის მერიაში.

“ქართული ოცნების” აქცია თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება, თუმცა აქციის გამო თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან. გადაადგილება შეზღუდულია კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 27 ოქტომბერს, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

რუსთაველზე „ოცნების“ აქციის გამო მოძრაობის სქემა იცვლება

მასალების გადაბეჭდვის წესი