ახალი ამბები

თიანეთში კოალიციურ მმართველობაზე მეჭიაურის მხრიდან მზაობაა – ბოტკოველი

26 ოქტომბერი, 2021 • 1401
თიანეთში კოალიციურ მმართველობაზე მეჭიაურის მხრიდან მზაობაა – ბოტკოველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ თიანეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი თამაზ მეჭიაური გამარჯვების შემთხვევაში მზადაა კოალიციური მმართველობისათვის. ამის შესახებ ბოტკოველმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მეჭიაურს კოალიციასთან დაკავშირებით თავად ესაუბრა და მან მზაობა გამოხატა.

როგორც ბოტკოველი ამბობს, გარდა მეჭიაურისა, ენმ-ს კოალიციაზე მოლაპარაკებები აქვს ცაგერისა და ოზურგეთის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატებთანაც და მათი პასუხი ხვალ, 26 ოქტომბერს, გახდება ცნობილი.

„დღეს ჩვენი შეთავაზება ნებისმიერ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არის კოალიციური მმართველობა ადგილობრივ დონეებზე. დღეს  თამაზ მეჭიაურთან მე, როგორც პარტიის რეგიონალური სამსახურის წარმომადეგენელს, მქონდა საუბარი და ასევე, მისი მზაობა და შემოთავაზებაა კოალიციურ მმართველობაზე. ასე რომ, თიანეთშიც, ცაგერშიც, ოზურგეთშიც, სადაც დღეს მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ არის, საუბარია და ხვალ დილისთვის დასრულდება მოლაპარაკებები, რომ ანალოგიურად იქაც იქნება წარმოდგენილი კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

30 ოქტომბერს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი. ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი