ახალი ამბები

კალაძე ამბობს, რომ ხვალინდელი აქციის მონაწილეების “კვების საფასურს” პარტია იხდის

26 ოქტომბერი, 2021 • 3012
კალაძე ამბობს, რომ ხვალინდელი აქციის მონაწილეების “კვების საფასურს” პარტია იხდის

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 27 ოქტომბერს “ქართული ოცნების” აქციის მონაწილეებისთვის “გარკვეული თანხები იხარჯება”, რაც კვების საფასურია.

კალაძეს ჰკითხეს აქციაზე ადამიანების 50 ლარად მიყვანის შესახებ.

“გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის. ეგ არის კვების საფასური, ოფიციალურად ხდება ყველაფერი, დამალული აქ არაფერი არ არის. ადამიანი როდესაც მოგვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას. პარტია აკეთებს, ეს არის ოფიციალური ხარჯები”, — განაცხადა კახა კალაძემ, თუმცა არ დააკონკრეტა, რა ოდენობის თანხა იხარჯება.

“შეგიძლიათ მოიძიოთ, როდესაც საჯარო იქნება. მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს.  ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე და ყველაფერზე ილაპარაკო ადამიანმა”, — თქვა მან.

თბილისის მერმა მათ შორის საჯარო მოხელეებს მოუწოდა აქციაზე მისვლისკენ.

“ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არა აქვთ უფლება [აქციაში მონაწილეობის], მათაც აქვთ. შეგიძლიათ მობრძანდეთ, მობილიზებაც გააკეთოთ; შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მობრძანდით”, — თქვა კალაძემ.

“ქართული ოცნება” 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი