ახალი ამბები

ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

26 ოქტომბერი, 2021 • 1771
ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პარლამენტის ეთიკის კომისიას მიმართავს. თავის მხრივ გიორგი ხელაშვილიც ამბობს, რომ მამულაშვილმა მას მიაყენა შეურაცხყოფა.

დეპუტატებს შორის ინციდენტი დღეს, 26 ოქტომბერს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულებისას მოხდა.

როგორც ნონა მამულაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლასთან დაკავშირებით კითხვას სვამდა, რა დროსაც გიორგი ხელაშვილმა ხელების ქნევა დაუწყო და შეურაცხყოფა მიაყენა.

“კომიტეტზე რომ მივედი, მიმდინარეობდა საუბარი სალომე სამადაშვილსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის, როდესაც ქალბატონი სალომე ეკითხებოდა, რატომ არ მოდის  ბოლო 3 თვის განმავლობაში პარლამენტში დავით ზალკალიანი, მაშინ, როცა მასთან ბევრი კითხვა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ კლასიკა არის, რომ უნდა გაგლაძღონ და გითხრან, რომ რეგლამენტით არ ეკუთვნის და ა.შ. რის გამოც ქალბატონმა სალომემ დატოვა კომიტეტი.

ამის შემდეგ მე გავაგრძელე კითხვის დასმა, რატომ არ მოდიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში, რომელთანაც კითხვები იყო და პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა[გიორგი ხელაშვილმა] დამიწყო ჩხუბი და ხელების ქნევა, რაზეც ვუთხარი, რომ ასეთი საქციელი იყო მიუღებელი და დავასრულებდით ეთიკის კომისიით, სადაც ასეთ თემებს განიხილავენ. ამაზე მომმვარდა და ყურთან დაიწყო ხელების ქნევა და ტაშის დაკვრა და შემდეგ მიწოდა ნაბიჭვარი. უკვე დავავალე ჩემს ფრაქციას, რომ ეთიკის კომისიას მიმართონ”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილათან შელაპარაკებას ადასტურებს გიორგი ხელაშვილიც. მან ნეტგაზეთს წერილობით უპასუხა, რომ მის მიმართ მამულაშვილმაც გააკეთა „დამახასიათებელი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული“ კომენტარი.

„ვადასტურებ, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დასრულების შემდეგ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი დეპუტატ მამულაშვილთან, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა ჩემ მიმართ“, – აცხადებს ხელაშვილი.

ხელაშვილსა და მამულაშვილს შორის მომხდარი ინციდენტისას დარბაზში იმყოფებოდა „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი, რომელიც ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი რეპლიკა ორივე დეპუტატისგან ისმოდა.

„ახალგაზრდა გოგომ [ნონა მამულაშვილმა] არაკაცი უთხრა. ის [გიორგი ხელაშვილი] ადგა, გავიდა და ნაბიჭვაროო… მერე ამან უთხრა, რატო მითხარი ნაბიჭვაროო და დაიწყო ეს ამბავი“, – უთხრა ჟურნალისტებს დავით ზილფიმიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი