ახალი ამბები

TI „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

26 ოქტომბერი, 2021 • 1941
TI „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

საუბარია „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მხარდამჭერთა მობილიზების სანაცვლოდ პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს სხვადასხვა სარგებელს სთავაზობდნენ, მათ შორის, პრობაციონერებს ვადის შემცირებას, სხვადასხვა დანაშაულისთვის არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ჯარიმების ჩამოწერას, მართვის მოწმობის დაბრუნებას და ა.შ.

ორგანიზაციის თქმით, სიუჟეტის თანახმად, „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები ასეთი საჭიროების მქონე მოქალაქეების სიებს აწვდიდნენ პარტიის ხელმძღვანელებს, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მეშვეობით ამ თხოვნებს აკმაყოფილებდნენ, რის სანაცვლოდაც ისინი მმართველ პარტიას საარჩევნოდ ეხმარებოდნენ:

„აღწერილი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება/ბოროტად გამოყენებას, აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული ფაქტების შესასწავლად, ასევე, დაადგინოს, მსგავს პრაქტიკას 2020 და 2021 წლების არჩევნების დროსაც ხომ არ ჰქონდა ადგილი“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი