ახალი ამბები

„მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ, იქნება გადაწყვეტილებები — გამყრელძე

26 ოქტომბერი, 2021 • 1633
„მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ, იქნება გადაწყვეტილებები — გამყრელძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მწვანე პასპორტები“ კოვიდსასტუსის შემოწმების უკვე აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში. ამ დოკუმენტში აღნიშნულია მისი მფლობელის ვაქცინაციის სტატუსი, ასევე, ინფორმაცია ვირუსის გადატანის შესახებ. მაგალითად, Euronews-ის თანახმად, ევროპაში „მწვანე პასპორტები” გამოიყენება ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, ლიეტვუაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, სლოვენიასა და ესპანეთში.

კოვიდვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი ადამიანები ამ ქვეყნებში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს წარადგინა პაკეტი, დამუშავებული [უწყებათაშორისი] საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში, რომელსაც სამდივნო განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ეს არის სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებაში და ვნახოთ, გადაწყვეტილებები ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი…“, — თქვა დღეს, 26 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამყრელიძემ.

გამყრელიძე დასძენს, რომ „სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა“, თუმცა ინდივიდუალურად ამას ემხრობა. მანამდე როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე ეკატერინე ტიკარაძემ თქვეს, რომ თავად არ ეთანხმებოდნენ სავალდებულო ვაქცინაციას.

ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაუშვებდა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი