ახალი ამბები

იმიტირებულ ბუნტზე განცხადების შემდეგ, გენინსპექციას გვარამიასთან გასაუბრება სურს

24 ოქტომბერი, 2021 • 1796
იმიტირებულ ბუნტზე განცხადების შემდეგ, გენინსპექციას გვარამიასთან გასაუბრება სურს

საქართველოს ისუტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას უწყებაში იბარებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ეხება გვარამიას მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც მიხედვითაც, თუ მიხეილ სააკაშვილს გლდანის საპატირმროს საავადმყოფოში გადაიყვანენ, ხელისუფლება გეგმავს იმიტირებული ბუნტის მოწყობას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციით დასრულდება:

“2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება. ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება” – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

დღეს, 24 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს და მიხეილ სააკაშვილის საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვეს. გვარამიას თქმით, გარდა ჯანდაცვისა, ციხის კლინიკაში გადაყვანა უსაფრთხოების რისკებსაც შეიცავს.

კერძოდ, ნიკა გვარამია ამბობდა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შესაძლოა მოეწყოს იმიტირებული ბუნტი, რაც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით შესაძლოა დასრულდეს:

„უსაფრთხოების საკითხი, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის .ე.წ. საავადმყოფოში არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იუსტიციის სამინისტროს განცხადებით არის თითქოსდა მისი უსაფრთხოებისთვის.

პირიქით, ჩვენი ინფორმაციით ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების ორგანიზებით. კერძოდ, იქნება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და პირდაპირ ვაცხადებთ, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემების გამო მიხეილ სააკაშვილის არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის სტაციონარში“ – ამბობს გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი