ახალი ამბები

„მედიააკადემიას“ IDFI-სთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა სააპელაციომაც დაავალა

22 ოქტომბერი, 2021 • 1496
„მედიააკადემიას“ IDFI-სთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა სააპელაციომაც დაავალა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციას დაევალა საჯარო ინფორმაციის გაცემა.

კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი („მედიააკადემია“) სასამართლომ ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

საუბარია IDFI-ის დავაზე. კერძოდ, 2020 წლის 24 იანვარს IDFI-იმ „მედიააკადემიას“ მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით, რომლითაც მოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობებისა და დანახარჯების შესახებ ინფორმაცია.

ორგანიზაციის განცხადებით, „მედიააკადემიამ“ უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე და წერილში მიუთითა, რომ ის არ გახლდათ ადმინისტრაციული ორგანო და კანონი მას არ ავალდებულებდა ინფორმაციის გაცემას.

მიღებული უარი IDFI-ს იურისტებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრეს, თუმცა დამფუძნებელმა და ზედამხეველმა ორგანომ, რომლის წინაშეც “მედიააკადემია” ანგარიშვალდებულია, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2020 წლის 7 აპრილს, IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, რადგანაც „მედიააკადემია“ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით. 2021 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, დააკმაყოფილა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა:

“საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილების თანახმად, მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, „მედიააკადემია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით, რადგანაც ეს უკანასკნელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ჩამოყალიბებულია საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კერძოდ, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

მოსამართლე ნათია ბუსკაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემიამ” საქმის პირველი ინსტანციის განხილვისას მათი წარმომადგენელი სააპელაციო სტადიაზე ახალი წარმომადგენელით ჩაანაცვლა. მეორე ინსტანციით საქმის განხილვისას ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის ყოფილი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი ნათია წკეპლაძე წარმოადგენდა” ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი