ახალი ამბები

სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში – ექიმი

21 ოქტომბერი, 2021 • 1161
სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში – ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი უარს აცხადებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სააკაშვილთან შესახვედრად შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა:

„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“.

ამასთან, ყიფშიძემ თქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრისგან, ეკა ტიკარაძისგან ჰქონდა პირობა მიღებული, რომ მიაწვდიდა იმ კლინიკების სიას, სადაც სააკაშვილის მოთავსება იქნებოდა შესაძლებელი.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თანახმა იქნება, ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

20 ოქტომბერს კი რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციას და არ სურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა ზურაბ ფაღავამ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ექიმებმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს.

“ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუმცა, გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ახლა მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მე-18 დაწესებულებაში — ეს არის გლდანის ციხეში.

ჯერ ერთი, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებას, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპილატიზებაზე”, — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატს არ სჯერა იუსტიციის მინისტრის განცხადების, რომ მე-18 დაწესებულებაში ჰოსპიტალიზების შემხთვევაში მიხეილ სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან იზოლირებული იქნება.

“რანაირად შეიძლება იუსტიციის მინისტრის პოზიცია გავიზიაროთ, რომ იზოლირებული იქნება მაშინ, როცა წინა დღეს გვითხრა, რომ კონსილიუმის ნებისმიერ რეკომენდაციას შეასრულებდა და მეორე დღეს საკუთარი ნათქვამი გადათქვა. შესაბამისად, მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს”, — ამბობს საძაგლიშვილი.

ადვოკატის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კერძო კლინიკებთან და რუსთავის ციხიდან პატიმარი ყოველთვის კერძო კლინიკაში გადაჰყავთ.

“აქ საუბარი არაა, რომ ვინმე რამე პრვილეგიას ითხოვს. ეს არის სტანდარტი და დამკვიდრებული პრაქტიკა”, — ამბობს იგი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და ციხეში 21-ე დღეა შიმშილობს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და სხვა დაწესებულება გამორიცხულია.

გარეკანზე: სქრინშოტი ტვ პირველის კადრებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი