ახალი ამბები

დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, მას ტყვიები ჩაუდეს — ადვოკატი

21 ოქტომბერი, 2021 •
დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, მას ტყვიები ჩაუდეს — ადვოკატი

ადვოკატი ვახტან იაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ყოფილი ძალოვანი გიორგი დათიაშვილი დღეს დილით თბილისში დააკავეს, დაკავებამდე კი მას უკანონოდ ჩაუდეს, სავარაუდოდ, ავტომატის ტყვიები.

როგორც ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ ყველაფერში პოლიტიკურ მოტივსა და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

„სახლში შეუცვივდნენ, ჩაუდეს ტყვიები და თან აუხსნეს, რომ როგორც ყოფილ თანამშრომელს, ნარკოტიკს არ გაკადრებთო. სავარაუდოდ, ამოღებული უნდა იყოს ავტომატის ტყვიები“, — ამბობს ადვოკატი, რომელიც ჟურნალისტებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში დათიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.

მისივე თქმით, ჩხრეკისას თავად დათიაშვილი რამდენიმე წუთით ბინიდან გაიყვანეს და ჩხრეკა მის გარეშე გაგრძელდა.

ნეტგაზეთი ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.


დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა.

„მთავარი არხის“ თანახმად, ხობში ჩატარებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დირექტორი მამუკა ჭელიძე. მათივე თქმით, დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს“.

რაც შეეხება ჩხრეკას, თავად რუსლან შამახია, ყოფილი მაიორი, აცხადებს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა – „შეცვივდნენ, არივ-დარიეს სახლი, სეიფი გააღეს და მქონდა გაფორმებული თოფები, რომლებიც, როგორც მეუბნება მეუღლე, წაიღეს“.

შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, თუმცა, კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებთან უარყო, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და განაცხადა:

„სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

მომხდარის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო.

სამეგრელოში ერთი ყოფილი ძალოვანი დააკავეს, მეორის სახლი გაჩხრიკეს — ენმ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი