ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ შეცვალა ყარაბაღის ომმა აზერბაიჯანში საზოგადოებრივი დისკუსიების ხასიათი

21 ოქტომბერი, 2021 • 2197
როგორ შეცვალა ყარაბაღის ომმა აზერბაიჯანში საზოგადოებრივი დისკუსიების ხასიათი

ავტორი: ნიკა მუსავი


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44-დღიანი ომის დასრულებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა – საკმარისად ბევრი, რომ პირველი ვნებათაღელვა ჩამცხრალიყო და ორივე ქვეყანაში ცხოვრება შეძლებისდაგვარად დაბრუნებოდა ჩვეულ რიტმს, თუმცა, საკმარისად ცოტა, რომ ამ თემას აქტუალობა დაეკარგა. 

არსებობს მოსაზრება, რომ აზერბაიჯანში ყარაბაღის ომის თემამ თითქმის განდევნა სხვა დანარჩენი თემები, კერძოდ კი, პოლიტიკური რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების თემები. თუმცა ბევრი არც არაფერი ყოფილა განსადევნი. 

აზერბაიჯანული საზოგადოება არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერესით ზემოთ აღნიშნული თემების მიმართ. მედია, დიდწილად, გვერდს უვლიდა ამ თემებს, სოციალურ ქსელებში კი ადამიანის უფლებებზე მომუშავეები, ოპოზიციონერები, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტები საუბრობდნენ საკუთარი ვიწრო აუდიტორიისთვის.

საზოგადოება სოციალურ პრობლემებზე, გახმაურებულ დანაშაულებსა და ტრაგედიებე, რომლებიც თითქოს ყველა უნდა ეხებოდეს, ძალიან პასიურად  რეაგირებდა. საერთოდაც, რა შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან საზოგადოებრივ რეაქციად? სადამდე უნდა მიიყვანოს რეაქციამ საზოგადოება, პრობლემის გადაჭრამდე?

როგორც წესი, საზოგადოებაში რაღაც მოვლენები გარკვეულ აღშფოთებას იწვევს, ადამიანები ხმამაღლა და დიდხანს აბაკუნებენ ფეხებს, ხელისუფლება კი იძულებულია პრობლემა გადაჭრას [ან თავი მოაჩვენოს, რომ გადაჭრის]. თუმცა აზერბაიჯანში ყველაფერი სხვაგვარადაა.

ფასების ხშირი ზრდა ბუნებრივ აირზე და საწვავზე, ხანძარი ნავთობის პლატფორმაზე და საცხოვრებელ სახლებში [უსაფრთხოების ზომების დარღვევის მიზეზით], მოზარდი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტი სკოლაში ბულინგის გამო, კარანტინის დროს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება –  არასრული სიაა იმისა, რაც ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში აღშფოთების მიზეზი გახდა და მალევე დავიწყებას მიეცა.

მაგალითად, როდესაც 2017 წელს თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, ამ ფაქტმა საქართველოში უფრო დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, ვიდრე მისსავე სამშობლოში. 

ერთადერთი რამ, რასაც აზერბაიჯანში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად ითხოვდა მრავალი წლის განმავლობაში, ეს იყო ომი. რეალურად, ომმა უკლებლივ ყველა მოქალაქე რიგითი დამკვირვებლის როლიდან გამოიყვანა. 

სოციალურ ქსელებში ომის განხილვა დაიწყეს იმათაც, ვისაც იქამდე არაფერზე აზრი არ გამოუთქვამს. ამ 44 დღეს ხალხის გაერთიანების დღეებიც შეიძლება დავარქვათ, რაც სრული სიმართლეა –  ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და საზღვარგარეთ მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას. მეორე [ძალიან მცირერიცხოვანი] ნაწლი ცალსახად წინააღმდეგი იყო ომის.

ორი ბანაკი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა ერთმანეთს. ერთი წლის შემდეგ კი, ის ბზარი, რომელიც გაჩნდა “პატრიოტებსა” და “ანტიმილიტარისტებს”  შორის[პირობითი სახელწოდებები], არ გამთელებულა. დღემდე გრძელდება კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად გამართლებული იყო ომი, რამდენად დამაკმაყოფილებელია მისი შედეგები და ა.შ.

ამ პრიზმიდან უყურებენ უკვე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტებსაც. “პატრიოტები” აცხადებენ, რომ გამარჯვებულ ხალხს არ უხდება “ყოფითი” პრობლემების გამო აღშფოთება, “ანტიმილიტარისტები” კი ამბობენ, რომ გამარჯვებულ ერს არ შეშვენის ასეთი ყოფითი პრობლემები. პირველებს უხარიათ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ტერიტორიებთან აღდგენითი სამუშაოები. მეორენი ამბობენ, რომ არც აზერბაიჯანის არსებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნებოდა ურიგო. საერთოდ, ყველაფერი, რაც ომს უკავშირდება, ყველაზე ცოცხალ დისკუსიებს იწვევს საზოგადოებაში. 

ყოფილი პოლიტპატიმრის, აქტივისიტ გიას იბრაგიმოვის თქმით, ომმა დ მისმა შედეგებმა საზოგადოება კიდევ უფრო მდუმარე გახადა და ამის წინასწარ განჭვრეტა ჯერ კიდევ ერთი წლის წინაც იყო შესაძლებელი: 

“ომის დროს და შემდეგ ორი აზრი არსებობდა იმაზე, როგორ გავლენას მოახდენდა ის საზოგადოებაზე. “ოპტიმისტები” დარწმუნებული იყვნენ, რომ გამარჯვებული სტატუსით საზოგადოება უფრო მომთხოვნი გახდებოდა და არ შეეგუებოდა სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს. “პესიმისტები” კი, მეც მათ შორის, ვწინასწარმეტყველებდით, რომ სამხედრო შედეგები არა მხოლოდ არ შეუწყობს ხელს მსგავსი საკითხების გადაჭრას, პირიქით, ხელისუფლების პოზიციებს გაამყარებს. საზოგადოებისთვის, რომელიც აქამდე აპათიურად რეაგირებდა ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ეს.

და აი, ერთი წლის შემდეგ შეიძლება თქვა, რომ პესიმისტები მართლები აღმოვჩნდით. ომის შედეგებმა ხელისუფლებას ხალხის წარმოუდგენელი ლოიალობა მოუტანა. როდესაც ომის ვეტერანები სოციალურ ქსელებში ყოფით პრობლემებზე საუბრობენ, არც ეს იწვევს საზოგადოების პროტესტს. მაგალითად, სულ ახლახან, როდესაც  ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა მორიგ საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში [“პანდორას არიქივები”] გაეხვია, საზოგადოებას უბრალოდ არ ჰქონია რაიმე რეაქცია”. 

პოლიტიკური მიმომხილველის, შაჰინ რზაევის აზრით, ომს საერთოდ არანაირი გავლენა არ მოუხდენია საზოგადოების დღის წესრიგზე, მოჩვნებითი ცვლილებები კი ილუზორული და უმნიშვნელოა.

საიდან უნდა გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიები, თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ხანია არაფერი ხდება. ოპოზიციაც ბედნიერად გამოიყურება და სოციალურ ქსელებშიც კი არ ჩანს მცირე კონფრონტაცია და ხელისუფლების კრიტიკა. საერთო ჯამში, საზოგადოებრივი დღის წესრიგი ისეთივეა, როგორც ომამდე იყო – პრაქტიკულად არანაირი. აქ არავის არაფერი აღელვებს სერიოზულად.  სკანდალური თემის განხილვაც მაქსიმუმ 2-3 დღე გრძელდება”.

რაც შეეხება პოლიტიკურ ოპოზიციას, ომის პირველივე დღეებში იმ ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც იქამდე გამუდმებით დევნაზე საუბრობდნენ, ერთხმად განაცხადეს, რომ “ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მხარდაჭერას უცხადებენ ხელისუფლებას”. რთული და მნიშვნელოვანი პერიოდიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა გამარჯვების ეიფორია დარჩა – ოპოზიციონერები ძველ რიტორიკას არ დაბრუნებიან.

ერთადერთი თემა, რომელიც საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს, ფემიციდი და გენდერული პრობლემებია. აღნიშნული საკითხების აქტუალობა კი ორი მიზეზითაა გამოწვეული – ქალთა მკვლელობები და ოჯახში ძალადობა ქვეყანაში არ წყდება, გარდა ამისა, ქალთა საკითხებზე მომუშავე აქტივისტები ამაზე საუბარს არ წყვეტენ და მუდმივად მოითხოვენ ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს. მართალია, პრობლემის მოგვარების კუთხით განსაკუთრებული შედეგები ჯერ არ დამდგარა[სტამბულის კონვენციის მიღებას არავინ აპირებს], მაგრამ საზოგადოებას მაინც არ ეძლევა ამ პრობლემის დავიწყების საშუალება. 

ყოფით ნიადაგზე ქალთა მიმართ ძალადობა და მკვლელობები ომის გარდა ერთადერთი თემაა, რომლის განხილვაშიც პრაქტიკულად ყველა მოქალაქე მონაწილეობს. როგორც წესი, მსგავსი ამბები უფრო რეზონანსულია, ვიდრე იმავე მაღალჩინოსნების კორუფციული სკანდალები. 

მეტიც, აქტივისტების ხმაურის გამო სამართალდამცველები პერიოდულად იძულებული ხდებიან, რაღაც ნაბიჯები გადადგან, ან მოაჩვენონ მაინც თავი, რომ დგამენ. მაგალითად, ასე მოხდა ერთ-ერთ აზერბაიჯანელ ბლოგერთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადობას მოუწოდა, იძალადონ იმ ქალებზე, ვისაც “შეუსაბამოდ” აცვია. საზოგადოების აღშფოთების ტალღამ გამოიწვია ის, რომ პოლიციამ დააკავა ბლოგერი და საჯაროდ “ბოდიში” მოახდევინა. 

სოციალურ ქსელებში ხმაურისა და რეაგირების გარეშე არ დარჩენილა ასევე არასრულწლოვანი აქტივისტი გოგონას ამბავი, რომელიც, მისი და მისი ოჯახის მტკიცებით, ერთი წლის წინ ნათესავმა გააუპატიურა. გოგონას თქმით, პოლიციამ “არასაკმარისო მტკიცებულებების” გამო ქმედითი ზომები არ მიიღო, თუმცა, ახლა, როდესაც ეს ამბავი ოჯახმა გაასაჯაროვა, ხმაურის გამო, პოლიცია იძულებული იქნება, საჩვენებლად მაინც დაინტერესდეს ძალადობის ფაქტით. რთულია თქმა, როგორ დასრულდება ეს ისტორია, თუმცა, საზოგადოება ამის შესახებ აქტიურად საუბრობს და დამნაშავის დასჯას ითხოვს, რაც უკვე კარგის ნიშანია. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი