ახალი ამბები

ხაზარაძე სააკაშვილის „მორჩილი მსახური“ და დანაშაულის თანამონაწილე იყო – ღარიბაშვილის ბრალდება

21 ოქტომბერი, 2021 • 1883
ხაზარაძე სააკაშვილის „მორჩილი მსახური“ და დანაშაულის თანამონაწილე იყო – ღარიბაშვილის ბრალდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კრიმინალურ გარიგებაში იყო ჩართული.

გუშინ, 20 ოქტომბერს ოპოზიციამ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თბილისში ნიკა მელია მოიგებს არჩევნებს, მამუკა ხაზარაძე მისი ერთ-ერთი მოადგილე იქნება.

დღეს, 21 ოქტომბერს, მარტვილში სტუმრობისას ღარიბაშვილს სწორედ ამ კაბინეტზე ჰკითხეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიცია ამით თავს იტყუებს, ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებს შორის კი ახალი არავინ იყო, გარდა მამუკა ხაზარაძისა.

„მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, მთავარი ბანდიტისა და დამნაშავის, მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებისა. ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ, მოგეხსენებათ, ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის TBC ბანკშიც – ხაზარაძის ოფისებშიც. და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება. ბანკიდან სესხების გაფორმება, ფაქტობრივად, რა თქმა უნდა. იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს – ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე“ ,- აცხადებს ის.

ღარიბაშვილი ასევე დასძენს, რომ „ათასობით და ათობით ადამიანი არის დაზარალებული და ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას“.

ღარიბაშვილის განცხადებაზე ნეტგაზეთს „ლელოდან“ ესაუბრა პარტიის წევრი, ლევან სამუშია. მისი თქმით, ამგვარი განცხადებები მიუთითებს ხელისუფლების შიშზე. მან ღარიბაშვილის კომენტარს სამარცხვინო უწოდა.

“მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე როგორი პოლიტიკური დევნაც მიმდინარეობს, თქვენთვის კარგად არის ცნობილი და ასევე კარგად არის ცნობილი საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც“, – ამბობს ლევან სამუშია.

მისი განმარტებით, ამგვარი განცხადებები გამოიწვია ოპოზიციურ კოალიციაში გაერთიანებამ – „ლელოსა“ და ხაზარაძის მონაწილეობამ კოალიციაში ნათლად ანახა [ოცნების] წაგების პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, სრულ ისტერიაში არიან“.

ლევან სამუშია ასევე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო თუ სასამართლო სისტემაში დღესაც მრავლად არიან ის პირები, რომლებიც სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ. მათ შორის, კახა კალაძეც.

ჩვენს კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მსგავსი განცხადებები შესაძლოა, წინ უსწრებდეს ახალ ბრალდებებსა და სამართლებრივ დევნას, ის პასუხობს:

„სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე. ხელისუფლებას თავში რა მოუვა, ამაზე წინსაწარ საუბარი რთულია“, – დასძენს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი