policia

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ თბილისში ბოლო 10 დღეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 11 პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამი ბრალდებული ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. უწყების ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში ბრალი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას:

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა“, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებული ზ.ა-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი. ამასთან, შსს-ს განცხადებით, პოლიციამ, ბრალდებული გ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღო.

დაკავებულებს შორის არის უცხო ქვეყნის მოქალაქეც, შსს-ს თქმით, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ფული – 1000 ლარი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კი – 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.