ახალი ამბები

შატალოვას საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ — ადვოკატები

20 ოქტომბერი, 2021 • 1133
შატალოვას საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ — ადვოკატები

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათგან ერთ-ერთი, ბექა ლატარია — ვისზეც შსს აცხადებს, რომ შატალოვას ესროლა — შიმშილობას აცხადებს.

ადვოკატთა ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ ვერ ხედავს კავშირს მათი დაცვის ქვეშ მყოფთა და მკვლელობას შორის.

„ჩვენ არცერთ  ბრალს არ ვაღიარებთ, თავს დამნაშავედ არ ვცნობთ და, შესაბამისად, პატიმარი იყენებს დუმილის უფლებას და იწყებს შიმშილობას. სამი მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას- ეს არის ანასტასია შატალოვას განზრახ  მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება და ნარკოტიკი“, — ამბობს გიორგი ლაღიძე, რომელიც ბექა ლატარიას ადვოკატია.

ბრალს არ აღიარებს არც ბიძინა ხასია, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება, შსს ასევე ამბობს, რომ ხასიას დაკავებისას თან ჰქონდა ხელყუმბარა, რომელიც სამართალდამცავებს ესროლა.

რაც შეეხება ლევან რაჯავს, მისი ადვოკატი გელა ჩივაძე ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია. მას გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ნარკოტიკული საშუალების შენახვას ედავება.


ანასტასია შატალოვას საქმეზე სამი პირი — ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი — 19 ოქტომბერს ღამით დააკავეს.

შსს-ს ვერსია შემდეგნაირია: 

ბექა ლატარიამ 18 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იაღით მოკლა ანასტასია შატალოვა, შემდეგ კი ადგილი ბიძინა ხასიას მანქანით დატოვა, რომელსაც ასევე უამბო მომხდარის შესახებ. ლატარია მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბიძინა ხასიას მეგობრის, ლევან რაჯავის ბინა გაჩხრიკეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბიძინა ხასია, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან, კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.

ამ ვერსიას ადვოკატები უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი