ახალი ამბები

რუსეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობაზე ინფორმაცია და თანამშრომლობა ითხოვა

20 ოქტომბერი, 2021 • 4805
რუსეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობაზე ინფორმაცია და თანამშრომლობა ითხოვა

შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა და ანასტასია შატალოვას მვლელობის საქმეზე სამართალდამცველი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება და აუცილებელი სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანასტასია შატალოვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. რუსული მხარე თბილისს სთხოვს დახმარებას, რაც შეიძლება მოკლე დროში გადაეცეს ანასტასია შატალოვას ცხედარი მამამისს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა.

“საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტში იდგმება ყველა ნაბიჯი გარდაცვლილის საქართველოში მყოფი ანასტასია შატალოვას ნათესავების დასაცავად, რუსეთის მოქალაქეობის მქონე მისი არასრულწლოვანი შვილის ჩათვლით”, — ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში.

ანასტასია შატალოვას საქმეზე სამი პირი — ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი — 19 ოქტომბერს ღამით დააკავეს.

შსს-ს ვერსია შემდეგნაირია: 

ბექა ლატარიამ 18 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იაღით მოკლა ანასტასია შატალოვა, შემდეგ კი ადგილი ბიძინა ხასიას მანქანით დატოვა, რომელსაც ასევე უამბო მომხდარის შესახებ. ლატარია მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბიძინა ხასიას მეგობრის, ლევან რაჯავის ბინა გაჩხრიკეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბიძინა ხასია, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან, კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.

ამ ვერსიას ადვოკატები უარყოფენ და მკველობის დამკვეთის გამოვლენას ითხოვენ.

შატალოვას საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ — ადვოკატები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი