ახალი ამბები

მელიას თქმით, კალაძე დებატებზე უარს იმიტომ ამბობს, რომ პასუხები არ აქვს

20 ოქტომბერი, 2021 • 1068
მელიას თქმით, კალაძე დებატებზე უარს იმიტომ ამბობს, რომ პასუხები არ აქვს

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, კახა კალაძე მასთან დებატებზე უარს იმიტომ ამბობს, რომ არც პასუხები აქვს და არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია.

მელიას თქმით, კალაძე რომ მასთან დებატებს დათანხმებოდა, ეს თბილისელებისთვის და საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა

“სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა.
არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა. ამას ჩემს თავს არ ვაკადრებ, პირველ რიგში!

რაც შეეხება მის მიერ მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას – ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება მისი დამარცხებისთანავე.

ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია – დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით. არადა, თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ – მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ – ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30 – ში”, — წერს მელია ფეისბუკზე.


ენმ-ის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ  „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს დებატებში მონაწილეობა 19 ოქტომბერს შესთავაზა. მელია კალაძეს დებატებისთვის ნებისმიერ დროს და ეთერს სთავაზობდა და ამბობდა, რომ დებატები რეალური უნდა იყოს და არა დადგმული.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადასულ ოპონენტთან დებატების აზრს ვერ ხედავს.

თბილისის მოქმედი მერის თქმით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს, დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც მისი თქმით, არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

კალაძემ მელიას შეახსენა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასაარჩევნო დებატების დატოვებაც  და მის მიერ გახმიანებულ დაპირებებს ტყუილი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი