ახალი ამბები

თუ აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა, სააკაშვილი წინააღმდეგი არ იქნება — ადვოკატი

19 ოქტომბერი, 2021 •
თუ აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა, სააკაშვილი წინააღმდეგი არ იქნება — ადვოკატი

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი  კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი არ იქნება.

ამის შესახებ საძაგლიშვილმა დღეს, 19 ოქტომბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრას და ციხის საავადმყოფოში მოათავსოს.

“ალბათ უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ვიზიტს განახორციელებენ. შესაბამისად, გამოჩნდება, თუკი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა, ან საერთოდ, საავადმყოფოში მოთავსება. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა არ იქნება.

თუმცა აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ ნაბიჯზეც და გადაწყვეტილებაზე. ვგულისხმობ იმას, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულად მიღებულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და, მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოათავსონ”, — უთხრა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და ის მე-19 დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი