ახალი ამბები

სააკაშვილს მიეცეს უფლება, გაასაჩივროს განაჩენი და გადაუვადდეს სასჯელის მოხდა — სამადაშვილი

19 ოქტომბერი, 2021 • 1448
სააკაშვილს მიეცეს უფლება, გაასაჩივროს განაჩენი და გადაუვადდეს სასჯელის მოხდა — სამადაშვილი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება და ამ მიზეზით გათავისუფლდეს სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებამდე.

ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს, 19 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი გაასამართლეს მისი თანამონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ:

ერთი — მიეცეს მსჯავრდებულს უფლება, გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი სწორედ იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, და მეორე —  ასევე განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, რომ ეს პირი სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გადავადება მოხდეს მისი მსჯავრის მოხდის პროცესის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მსჯელობა. ამ ვითარების იგნორირება გამოსავალი არ არის“, —განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით,  საქართველოს პარლამენტმა ასევე უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ყოფილი მაღალი  პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დევნის დაწყებას შეეხება.

„მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არ გჯერათ, ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით, მმართველ გუნდს მივმართავ და არავის არ ვუსურვებდი მურისიძის სასამართლოს ხელში მოხვედრას“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი