ახალი ამბები | ,

გვიწევს, შევახსენოთ წარსული, ასე თამამად რომ ვერ საუბრობდნენ – მდინარაძე ოცნების კლიპზე

18 ოქტომბერი, 2021 | | 2017
გვიწევს, შევახსენოთ წარსული, ასე თამამად რომ ვერ საუბრობდნენ – მდინარაძე ოცნების კლიპზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება პარტიის ოფიციალურ კლიპს, რომელსაც სახელად ჰქვია „დავასრულოთ ნაცები!“ .

ის ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული უნდა შეახსენონ, პარალელურად კი, ადოლფ ჰიტლერთან და მის მმართველობასთან ავლებს პარალელს.

დღეს „ქართულ ოცნებაში“ პარტიის სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც მდინარაძემ ჟურნალისტებს კითხვებზე უპასუხა. მან თქვა, რომ სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, თუმცა, უმეტესწილად – არჩევნების მეორე ტური.

მისივე განმარტებით, პარტიამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რათა – „გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს წარმატებას“. ასეთ შემთხვევაში კი, მდინარაძის თქმით, შეიქმნება ე.წ. რევოლუციური მუნიციპალიტეტი, რომელიც საზოგადოებრივ საჭიროებაზე მორგებული არ იქნება.

„ნაცობა არის სირცხვილი და ეს უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა მათი მხარდაჭერა“, – განმარტავს მდინარაძე.

პროცესების პარალელურად, მმართველი პარტია პარლამენტში სიძულვილის ენის შემზღუდავი სარეკლამო ბანერების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა. ამ იდეის ინიციატორი კომპანია “ალმაა”.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს ჰკითხეს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და, ამავდროულად, აღნიშნული შინაარსის კლიპის გავრცელება, ხომ არ ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. რაზეც მდინარაძემ უპასუხა:

„როგორც ჩანს, ნაცმოძრაობას გვიწევს, რომ შევახსენოთ მათი წარსული, რომ ასე თამამად ვერ საუბრობდნენ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ქართულმა საზოგადოებამ. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, ვიღაცამ ჰიტლერზე რომ ახსენოს – როგორ შეიძლება ჰიტლერზე, რაღატომ ვახსენებთ, რატომ ვლაპარაკობ, ეს სიძულვილის ენა არისო.

ჰიტლერი შეიძლება ფართო და უფრო დიდი მასშტაბის იყო სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი ბოროტება არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა შვილებმა.. ვიდეოკოლაჟითაც უნდა გავახსენოთ და ყველაფრით“, – ამბობს ის და ასევე დასძენს, რომ კლიპის შინაარსზე ყველა თანახმა იყო.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს კიდევ რამდენჯერმე ჰკითხეს, და მაინც ხომ არ მოდიოდა კლიპი კანონპროექტის სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში და ხომ არ აღრმავებდა პოლარიზაციას.

„თქვენი ლოგიკა იცით როგორია? მე გცემ და თქვენ ხელი არ უნდა მახლოთ, ეს ძალადობაა. ნაცმოძრაობის ტელევიზიებს აქვთ ლოგიკა, რომლის მიხედვითაც, მან უნდა დაგაბრალოს ტყუილი, უნდა გაკადროს ყველაფერი, წარმოდგენილი და წარმოუდგენელიც.

და შენ თუ კლიპში აჩვენებ სიმართლეს, ეს არის სიძულვილის ენა, ძალადობა და ცუდი საქციელი, ეს არის ალოგიკური. პოლარიზაციის შესამცირებლად ერთი მხარის მზაობა არ კმარა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წაიკითხეთ ასევე:

„ალმა“ სიძულვილის შემცველი რეკლამის აკრძალვას ითხოვს, რომელსაც თავად ავრცელებდა

“წარმოუდგენელი სიბინძურეა” — ოპოზიცია “ოცნების” კლიპზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი