ახალი ამბები

ენმ: მერია სარეზერვო ფონდისთვის თანხის დამატებას არჩევნებისთვის ითხოვს

18 ოქტომბერი, 2021 • 981
ენმ: მერია სარეზერვო ფონდისთვის თანხის დამატებას არჩევნებისთვის ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თბილისის მერია სარეზერვო ფონდის 1.8 მლნ ლარით გაზრდას ითხოვს, რასაც პარტიაში საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ. პარტიის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან უკვე დაიხარჯა 4 მლნ ლარი “ბიზნესის სტიმულირებისთვის” და ახლა 1.8 მლნ ლარის დამატებით მობილიზება საჭირო აღარ არის.

საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ლილე ლიპარტელიანი  აცხადებს, რომ მერიის ეს მოთხოვნა სარეზერვო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ლიპარტელიანის თქმით, თბილისის მერიამ არჩევნების პირველი ტურამდეც მიმართა საკრებულოს სარეზერვო ფონდის ერთი მილიონით გაზრდის თაობაზე, თუმცა შემდეგ ეს საკითხი უკან გაიწვია, 15 ოქტომბერს კი ბიუჯეტის ცვლილების პროექტი კვლავ შევიდა საკრებულოში. მერია სარეზერვო ფონდის გაზრდას ახლა 1.8 მილიონი ლარით ითხოვს.

ასევე, ლიპარტელიანის განცხადებით, ამჟამად სარეზერვო ფონდი ისედაც “უპრეცედენტოდ მაღალია”:

“2015-ში დიდი ტრაგედია რომ მოხდა [13 ივნისი] ვერეს ხეობაში, მაშინაც კი 4 მილიონს არ ასცდენია სარეზერვო ფონდი და ახლა, საარჩევნო წელს, ასე გაზარდა [მერიამ] და პლუს კიდევ 1.8 მილიონს ითხოვს.

წესით, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვის და გადაუდებელი ხარჯებისთვის უნდა დაიხარჯოს ამ ფონდიდან თანხები. სხვა შემთხვევაში სარეზერვო ფონდის გამოყენება არ შეიძლება. თუმცა მაისში, ივნისში, ივლისში, 2 აგვისტოს ჩათვლით, როცა არჩევნები უკვე გამოცხადებული იყო, ამ მოკლე პერიოდში, 4 მილიონამდე აქვს დახარჯული სარეზერვო ფონდს. დახარჯული აქვს [ბიუჯეტის ასიგნებების] 0104 კოდიდან, რაც გულისხმობს ბიზნესის სტიმულირებას. ამ თვეებში 4 მილიონი ლარი გასცა კონკრეტულ ბიზნესებზე და კონკრეტულ ადამიანებზე. პანდემია რომ იყო, 2021 წლის იანვარში, არ ვიცოდით [როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდა]? წინასაარჩევნოდ გახდა კალაძისთვის ცნობილი, რომ პანდემია იყო და ბიზნესს სტიმულირება სჭირდებოდა”, – აცხადებს ლიპარტელიანი “ნეტგაზეთთან”.

ლიპარტელიანის განცხადებით, სწორედ ამ საკითხის შესასწავლად გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას. კერძოდ, იმის დასადგენად, თუ რამდენად კანონიერად გაიხარჯა სარეზერვო ფონდის თანხა და რამდენად გადაუდებელ და გაუთვალისწინებელ ხარჯებად შეიძლება იყოს მიჩნეული აღნიშნული.

ლიპარტელიანი აცხადებს, რომ სწორედ ამ ხარჯების გამო აქვს პარტიას ეჭვი, რომ შესაძლოა თბილისის მერი, კახა კალაძე წინასაარჩევნოდ კონკრეტულ პირებს შეჰპირდა, რომ მოგების შემთხვევაში თანხებს გადასცემდა და ამისთვის სარეზერვო ფონდს გამოიყენებს.

“თუ ბიზნესის სტიმულირება უნდოდა კალაძეს, შეეძლო, რომ ბიუჯეტში კონკრეტულად ბიზნესის სტიმულირებისთვის გამოეტანა საკრებულოზე დადგენილება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ერთი წლის განმავლობაში ყველას დახმარება. პროგრამული ბიუჯეტი ესაა, რომ პროგრამული ბიუჯეტიდან ბენეფიციართა წრე უნდა იყოს ისეთი, რომ მანიპულირების საშუალებას არ იძლეოდეს და ასე შერჩევითად, კონკრეტული პირების დახმარება, რა თქმა უნდა, ბადებს ვარაუდებსაც და ეჭვებსაც, რომ საარჩევნოდ გამოიყენა კალაძემ ეს თანხები და ფაქტობრივად ადმინისტრაციული რესურსი და ამომრჩევლის მოსყიდვა ამ სარეზერვო თანხებიდან მოხდა”, – განმარტა ლიპარტელიანმა.

თბილისის მერიაში კი “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ სარეზერვო ფონდის 1.8 მილიონით გაზრდის თაობაზე საკრებულოს მიმართეს. პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნული თანხები ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულების ფონდში გადასარიცხად და თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სჭირდებათ.

რაც შეეხება საარჩევნო ფონდიდან თანხების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, მერიაში ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ საარჩევნო პერიოდში სარეზერვო ფონდი დახურულია და თანხები საერთოდ არ გაიცემა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 9 ოქტომბერს გააკეთა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ბათუმს დაახლოებით 500 ლარი გადაერიცხება სარეზერვო ფონდიდან. თუმცა წელს თბილისობის შეზღუდულ ფორმატში ჩატარების გამო ქალაქი დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს დაზოგავს და ეს ფული თბილისის ბიუჯეტში დარჩება. მერიის განმარტებით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათ სხვა მუნიციპალიტეტისათვის თანხის გადაცემა მხოლოდ სარეზერვო ფონდიდან შეუძლიათ.

რაც შეეხება მოთხოვნილი თანხის დარჩენილ 1.3 მილიონს, მერიის განმარტებით, ეს თანხა მოხმარდება თბილისში სხვადასხვა სტიქიის, მათ შორის ქარების და ძლიერი წვიმების დროს დაზარალებულების სახლების რეაბილიტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი