ახალი ამბები

ზესტაფონის „ფეროში“ დაშავებული 65 წლის კაცი გარდაიცვალა – პროფკავშირი

16 ოქტომბერი, 2021 • 1317
ზესტაფონის „ფეროში“ დაშავებული 65 წლის კაცი გარდაიცვალა – პროფკავშირი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმო შემთხვევის შედეგად დაშავებული 65 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა, – იუწყება მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირი.

პროფკავშირის ცნობით, საწარმო შემთხვევა 15 ოქტომბერს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე.

„სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – წერია პროფკავშირის გავრცელებულ განცხადებაში.

პროფკავშირის ცნობითვე, საწარმოში 16 ოქტომბრის დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი, ორშაბათიდან კი „მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი