16 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეხვედრები იმართება.
„ფორმულას“ ცნობით, აშშ-ის სენატისა და საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.
როგორც „ფორმულა“ იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა შეხვედრა 17:00 საათისთვის დატოვეს, რის შემდეგაც შეხვედრებს მართავენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ წევრები.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ საუბარი ძირითადად ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, სააკაშვილის პატიმრობას და სხვა აქტუალურ საკითხებს.
„ელჩები არიან არანაკლებ დეტალურად ინფორმირებულები, ვიდრე თითოეული ჩვენგანი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები“, – განაცხადა მელიამ შეხვედრის შემდეგ.
თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ასევე სტუმრები ვაშინგტონიდან.
ტვ პირველის ცნობით, იქვე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.