ახალი ამბები | , ,

დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას ნაცმოძრაობას — კალაძე

15 ოქტომბერი, 2021 | | 1234
დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას ნაცმოძრაობას — კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ამომრჩევლები არასდროს მისცემენ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ამის შესახებ კალაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. მას ჟურნალისტმა დავით კაკულიამ ჰკითხა, გიორგი გახარიას რომ არ დაეყენებინა თავისი კანდიდატურა თბილისის მერობის პოსტზე, მოიგებდა თუ არა კალაძე არჩევნებს 2 ოქტომბერს, პირველივე ტურში.

„ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ არა გახარიას კანდიდატურა, ხმები, რომელიც მან მიიღო, შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”, არასდროს მისცემს ხმას წარსულს, არასდროს მისცემს ხმას ბოროტებას და ძალიან კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს — რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება“, — ამბობს კახა კალაძე.

თავად გიორგი გახარიამ დღეს, 15 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში თქვა, რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურზე მივა, მაგრამ ხმას არცერთ კანდიდატს არ მისცემს.


2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში ხმების 45% მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ, ნიკა მელიამ — 34%, გიორგი გახარიამ კი — 9.45%.

იმის გამო, რომ ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, თბილისის მერი უნდა გამოვლინდეს 30 ოქტომბერს გასამართი მეორე ტურის შედეგად, რომელშიც მხოლოდ კალაძე და მელია მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი